“პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, ბირთვული შანტაჟისკენაა მიმართული” – ანალიტიკოსი ალიკა გუჩუა

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” პროფესორის, ალიკა გუჩუას შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, დასავლეთისა და უკრაინის ბირთვული შანტაჟისკენაა მიმართული.

ამის შესახებ გუჩუამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

“რუსეთ- უკრაინის ომის დაწყებიდან 398 დღე გავიდა. დღესაც საკმაოდ რთული პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთს გეგმაში ბახმუტის აღება ჰქონდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდა და თავდაცვითი პოზიციებისკენ შემოტრიალდა, სხვა მიმართულებებისა და ფლანგებისკენ შეტევა დაიწყო. ის ერთგვარ თავდაცვით ზღუდეებს იქმნის. პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული სარაკეტო სისტემის განთავსება მოხდება. საუბარია იმაზე, რომ 1- ელი ივლისისთვის მზად გარკვეული საცავები იქნება. უფრო ნათელი რომ იყოს, რაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, თუ რა არის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, ბირთვული სარაკეტო სისტემები, როგორია მათი მოქმედების რადიუსები. დღეისთვის წარმოდგენილი სარაკეტო სისტემების 4 კლასიფიკაცია არსებობს. პირველ კლასიფიკაციაში შედის ბირთვული სარაკეტო სისტემები, რომელთა მოქმედების რადიუსი 100 – დან 500 კილომეტრამდეა; მეორე კლასიფიკაციაში არის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, რომლის რადიუსი 500- დან 2500 კილომეტრამდეა; მესამე კლასიფიკაციაში ოპერატიულ- ტაქტიკური სარაკეტო სისტემებია, რომელთა რადიუსი 2500- დან 5000 კილომეტრამდეა, მეოთხეა სტრატეგიული დანიშნულების სისტემა, რომლის რადიუსი 5000 კილომეტრიდანაა და 10 000 კილომეტრსაც სცილდება, ზოგჯერ შეიძლება , 15 000-16 000 კილომეტრამდეც მერყეობდეს. ასევე მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რა არის ბირთვული შეიარაღება: ესენია ტაქტიკური, თავისუფალი ვარდნის ბირთვული ბომბები, მოკლე რადიუსის მოქმედი სარაკეტო სისტემები, ბირთვული არტილერია, სახმელეთო ნაღმები, სიღრმული ბირთვული ბომბები, ასევე სახეზე გვაქვს მიწა -ჰაერის და ჰაერი- ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემები.

პუტინის ეს განცხადება დასავლეთისა და უკრაინის ხელისუფლების ბირთვული შანტაჟისკენ, ბირთვული დაშინებისკენაა მიმართული. რუსეთს უნდა, რომ უკრაინაში გარკვეული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, სურს, უკრაინას გარკვეული პოზიციები დაათმობინოს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რუსეთი ბოლომდე არ გადადგამს ხისტ ნაბიჯს და ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას არ გამოიყენებს.

რა თქმა უნდა, დასავლეთისთვის ეს საკმაოდ მიუღებელი ტონია.

როგორც აღვნიშნე, ეს ბირთვული დაშინების პოლიტიკაა, რომელსაც პუტინი მიმართავს. შეგვიძლია, განვმარტოთ, რატომაა ეს ასე. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ კონკრეტული ვალდებულებაც იქნება, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ როგორც რუსეთის ფედერაციის ლიდერი, ასევე, უკრაინის პრეზიდენტი. მოლაპარაკების პროცესში შესაძლოა, რამდენიმე სახელმწიფო იყოს ჩართული. მოლაპარაკებების დროისთვის პუტინს გარკვეული დათმობებისთვის საფუძველი სჭირდება. მოლაპარაკებების დროს მაქსიმუმის მიღწევას ეცდება, თუმცა, სურს, გარკვეული საკითხები ჰქონდეს იმისთვის, რომ უკრაინულ მხარესთან დათმოს. ის ქმნის მოლაპარაკებების საგნებს, რაზეც შეიძლება, უკრაინა დაითანხმოს. შეიძლება, ითქვას უფრო ეს მიმართულებაა, რისთვისაც რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სჭირდება”, – განაცხადა გუჩუამ.

ანალიტიკოსი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასაც გამოეხმაურა.

“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პუტინის სამხედრო დანაშაული, ის ქმედებები, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ჩადის, უკვე ომის დანაშაულად იქნა აღიარებული და შეფასებული. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა პუტინს ამ ყველაფრის გამო პასუხისგება მოუწევს”, – განაცხადა გუჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები