“ბოლო წლებში ქართული ოპოზიციის ოპონირების მთელი არსენალი რადიკალიზაციაზე, სკანდალზე, ტყუილზეა აგებული” – გიორგი ცუცქირიძე

“ბოლო წლებში ქართული ოპოზიციის ოპონირების მთელი არსენალი არის რადიკალიზაციაზე, სკანდალზე, ტყუილსა და მოჩვენებით აქტუალიზაციაზე აგებული, სადაც ერთადერთი თემა ეს არის ხელისუფლების “პრორუსულობა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ტიპის ასოციალური პოლიტიკის პირობებში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, 2024 წლის უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში რაიმე შედეგი დადოს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე ვადამდელ არჩევნებზე, ან მომავალ კოალიციურ მთავრობაზე მსჯელობა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

“დასავლეთის სურვილი – იხილოს ქვეყანაში ნაკლებად პოლარიზებული გარემო, სადაც სახელისუფლებო ვერტიკალი გაცილებით დაბალანსებული იქნება პოლიტიკურ აქტიორებს შორის, გასაგებია და დემოკრატიის თვალსაზრისით არც კოალიციური მთავრობა არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი, პირიქით, ევროპის პოლიტიკური არქიტექტურის შემადგენელი ნაწილია, თუმცა რეალობა ცოტა განსხვავებულია.

ევროპის ქვეყნების პოლიტიკური დებატების დიდი ნაწილი იმართება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, ამის ნათელ მაგალითს ამ დღეებში პარიზშიც ვხედავთ მძაფრი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ინფლაცია და ფასები, ხელფასების ინდექსაცია, უმუშევრობის დაზღვევა, მიგრაციული პოლიტიკა, თუ უსაფრთხოების საკითხები.

დღეს რომელ ერთ საკითხზე ახდენს ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი ოპონირებას ხელისუფლებასთან, უნდა ვაღიაროთ – პრაქტიკულად, არც ერთზე. თუ საქართველოს მოსახლეობას ეს საკითხები არ აწუხებს და არ აინტერესებს ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი და შრომის ანაზღაურება ჩვენთან შედარებით 4-5 ჯერ მაღალია?

ბოლო წლებში ქართული ოპოზიციის ოპონირების მთელი არსენალი არის რადიკალიზაციაზე, სკანდალზე, ტყუილზე და მოჩვენებით აქტუალიზაციაზე აგებული, სადაც ერთადერთი თემა ეს არის ხელისუფლების “პრორუსულობა”.

ამ ტიპის ასოციალური პოლიტიკის პირობებში ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს რაიმე შედეგი დადოს 2024 წლის უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში. შესაბამისად, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება ახლა მსჯელობა ან ვადამდელ არჩევნებზე, ან მომავალ კოალიციურ მთავრობაზეც, არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე, ერთადერთი შემთხვევის გარდა, თუ თავად “ქართული ოცნება” არ დაუშვებს ისეთ ფატალურ შეცდომებს, რაც პერმანენტული საპროტესტო გამოსავლების საბაბი გახდება.

ოპოზიციის განულებული რეიტინგების არის არა მხოლოდ მათი ასოციალური პოლიტიკის შედეგი. ოპოზიციას, თუ ის სერიოზულად ფიქრობდა ამ ქვეყნის მომავალზე, როდესაც დადგა ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, ბრიუსელსა და ევროპის დედაქალაქებში კაბინეტებში კი არ უნდა ევლო, და თუ ბატონ ხაზარაძეს დავუჯერებთ სტატუსის მოცემა კი არ უნდა დაებლოკა, არამედ თუნდაც ბრიუსელში უნდა მოეწყო ერთიანი პრესკონფერენცია სადაც ცალსახად მოითხოვდა ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ყოველგვარი “თუ”-ს გარეშე!

სწორედ სტატუსის მინიჭება გახდებოდა აქ პოლარიზაციის შემცირების და იმ 12 პუნქტის შესრულების გარანტი, მათ შორის დეპოლიტიზაციისაც, სასამართლო რეფორმისაც, საარჩევნო რეფორმისაც და თუ გნებავთ ასე უტრირებული დეოლიგარქიიზაციისაც! დემოკრატიის უკუსვლასაც მაშინ ექნებოდა კიდევ რაიმე არგუმენტი და საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევასაც, დღეს დასავლეთის პოლიტიკოსებს ასე რომ აწუხებთ!

ოპოზიცია ასე რომ მოქცეულიყო პარლამენტში პრემიერის ბოლო ინტერპელაციისას, ვერავინ დასდებდა ბრალს ვერც ქვეყნის ინტერესების ღალატში და ვერც ქვეყნისათვის უსაფრთხოებისათვის ძირის გამოთხრაში!

ვფიქრობ, არა 2024 წელს , არამედ 2028 წლისათვის უფრო შეიცვლება პოლიტიკურ ძალთა ბალანსიც, როდესაც არსებული პოლიტიკურ აქტორთა აშკარად გამარგინალიზირებული ნაწილი ისედაც დატოვებს პოლიტიკურ ასპარეზს!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები