პრემიერი: 70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამურად 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები

მინდა, კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანო. 2012 წლამდე ძალიან მწირი დაფინანსება ჰქონდათ კერძო კლინიკებს სახელმწიფოსგან. ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების 97%, რაც შეადგენს თითქმის 6.8 მლრდ ლარს. 6 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენს ჩვენს მიერ გადახდილი თანხები. ამას ემატება 1 მლრდ ლარზე მეტი კოვიდპანდემიის დროს ყველა პაციენტის მკურნალობის ანაზღაურება და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი დახმარება კერძო კლინიკებისთვის, მაშინ როცა 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მლნ ლარი. ეს შედარება, ეს განსხვავებაა ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმესა და 2012 წლამდე გაკეთებულ საქმეს შორის. ეს არის უზარმაზარი განსხვავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 390 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის, რა მიმართულებითაც ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი.

„ასევე მინდა მოგახსენოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი. ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენ 350 მლნ ლარი გამოვყავით ამისთვის, საიდანაც 50 მლნ ლარით დაფინანსდა ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა საზღვარგარეთ და ამას ემატება 25 მლნ ლარი სოლიდარობის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ჯამში 75 მლნ ლარი იქნა გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში. ეს არის ძალიან მოკლედ ის შედეგები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მმართველმა ძალამ, პარტიამ მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. 70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ესაა თვალსაჩინო მაგალითი, რისთვისაც მე მინდა, ყველა ჯანდაცვის მინისტრს გადავუხადო მადლობა. გადავუხადო მადლობა ჩვენს ახალ მინისტრს, ბატონ ზურას, მან კიდევ უფრო მეტი პროგრამა დაამატა. წელს დაემატა, შარშანაც დაემატა სხვა პროგრამები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის ხარისხი, ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პატივცემული ექიმების, მთელი მედპერსონალის, მთელი სექტორის ჩართულობის, თქვენი დახმარების. მინდა ყველა ექიმს, ექთანს, მთელ მედპერსონალს გადაგიხადოთ მადლობა. სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა ყველას გულწრფელი მადლიერება დაგიდასტუროთ,”- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები