ილია დარჩიაშვილი: თუ ანალენა ბერბოკს რაიმე კითხვები აქვს, ის საქართველოში ვიზიტის დროს მიიღებს პასუხებს და გერმანია ტრადიციულად, ისე როგორც აქამდე, იქნება საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მინისტრს რაიმე კითხვები აქვს, ის საქართველოში ვიზიტის დროს მიიღებს პასუხებს და გერმანია ტრადიციულად, ისე როგორც აქამდე, იქნება საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გერმანელი კოლეგის, ანალენა ბერბოკის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ განცხადების მიუხედავად, ეს ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით თავის ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს .

„პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში. იმ განცხადების მიუხედავად, რაც ყველამ ერთად ვნახეთ, მე მჯერა, რომ ეს ვიზიტი მოიტანს თავის ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რადგან გერმანია არის ძლიერი, გამორჩეული პარტნიორი და წევრი ევროკავშირის, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი ხმა ევროკავშირში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მასპინძლობა. მე ვარ ძალიან იმედიანად, რადგან ეს ვიზიტი მოემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ყოფნის პერიოდში ნახოს ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლებში, და ის დამოკიდებულება, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებებისადმი, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მინისტრს რაიმე კითხვები აქვს, ის საქართველოში ვიზიტის დროს მიიღებს პასუხებს და გერმანია ტრადიციულად, ისე როგორც აქამდე, იქნება საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი“, – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები