მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, მედიამფლობელობა და გარკვეული საქმიანობა იყოს ინდულგენცია

არ შეიძლება არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანს კონკრეტულ საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი და სასამართლომ დაადგინა მისი ბრალეულობა და გამოიტანა განაჩენი, ამ შემთხვევაში მედიამფლობელობა და გარკვეული საქმიანობა, იყოს ინდულგენცია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კეზერაშვილის მიმართ სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დამნაშავე ბრალეულობის დამტკიცებისას შესაბამის სასჯელს იმსახურებს.

“არ შეიძლება არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანს კონკრეტულ საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი და სასამართლომ დაადგინა მისი ბრალეულობა და გამოიტანა განაჩენი, ამ შემთხვევაში მედიამფლობელობა და გარკვეული საქმიანობა იყოს ინდულგენცია. „ნაციონალური მოძრაობის“ მედიას ყოველთვის აქვს ამის მცდელობა, რომ თუ ვინმე (იყო ბევრი გვარი – მედიამფლობელები, მოწილეები, თუ ასე შემდეგ), დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან რაიმე ფორმით, არ შეიძლება მის მიმართ გამოტანილი იყოს განაჩენი. კითხვა ისმება – თუ ამ ადამიანს, არ აქვს კონკრეტულ სახელს და გვარს მნიშვნელობა, ჩადენილი აქვს დანაშაული, რატომ არ უნდა მიუსაჯოს სასამართლომ?! ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს მიდგომა არსად, რომ თუ მედიამფლობელია, ესე იგი უნდა იყოს ინდულგენცია. კი, მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში არის რაღაცა რუსული და ევროპაში ეს იგივე ამერიკულია, მაგრამ ყველაფერზე ამ თეზისით ხომ არ ვივლით?! ეს ნახევრად ირონიით და ხუმრობით, მაგრამ რეალურად, არ შეიძლება ინდულგენცია იყოს ჟურნალისტური საქმიანობა, მედიამფლობელობა, ან ნებისმიერი სხვა სფერო. ერთ შემთხვევაში, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე მსჯელობს სასამართლო, მეორე შემთხვევაში – ჟურნალისტური საქმიანობა ჟურნალისტური საქმიანობაა და მედიამფლობელობაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საუბარია 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 800 000 ევროს გაფლანგვაზე. თავდაცვის სამინისტრო ყოფილ მინისტრს არარსებულ წვრთნაში გადახდილი მილიონობით ლარის უკან დაბრუნებას სთხოვს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები