ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგი გაიარეს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლებმა ევროკავშირის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიარეს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ტრენინგის მიზანი – ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მოახლოებასთან ერთად გაზრდილი სამგზავრო ნაკადების კონტროლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით აეროპორტის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება იყო.
„სემინარს ქუთაისის აეროპორტში ექსპერტი, ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ატაშე, რაიტის ტილიკსი უძღვებოდა.
,,27 მარტიდან იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, დგება აქტიური მოგზაურობის დრო და ჩვენც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები შესაბამისად მომზადებულები ვხვდებით ტურისტულად დატვირთულ სეზონს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა დოკუმენტაციის შემოწმების მიმართულებით კომპეტენცია აგვემაღლებინა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სიახლეებს გავცნობოდით,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა.
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი, ამ ეტაპისთვის 28 მიმართულება, ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება, ივნისიდან კიდევ 5 ევროპული მიმართულება ემატება. ევროპის მიმართულებით გამფრენი მგზავრი აეროპორტში მისვლისას თავდაპირველად გადის ე.წ. Precheck-ს, სადაც ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ევროკავშირის Frontex-ის მესაზღვრეებიც დგანან. მესაზღვრეები რეგისტრაციამდე საქართველოს მოქალაქეებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას უმოწმებენ, შემდეგ მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები რეგისტრაციისას საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვთ, უმოწმებენ პასპორტს, ვიზას, გაფრენის ბილეთს და დამატებით სხვა სამგზავრო დოკუმენტაციას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.