ლონდონში პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი” გაიმართა

ლონდონში პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი” გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council-ის ორგანიზებითა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ჩატარდა.

საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები. ღონისძიება ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ჯონათან ჯანოგლიმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკმა და საქართველოს საელჩოს დესპანმა, გიორგი საგანელიძემ.

ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს წამყვანი კომპანიების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, საერთაშორისო ინვესტორების გამოცდილებასა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, უძრავი ქონება, ტურიზმი და სხვა.

საქართველოს საინვესტიციო ფორუმის სპონსორები იყვნენ: Raiffeisen Bank International, Dentons, Silkroad Group, FitchRating, Baker McKenzie.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები