ირაკლი ბერაია სლოვაკ კოლეგას შეხვდა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს.
პარლამენტის ინფორმაციით, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის და დეოკუპაციისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას. მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს და ამ კუთხით სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს. შეხვედრაზე საუბრის თემებს ასევე წარმოადგენდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ის გამოწვევები, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს უკავშირდება. შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ სლოვაკ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.