ირაკლი ბერაიამ სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა
ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონულ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს.
„სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ურყევია თავის მხარდაჭერაში ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ბერაიამ.
სლოვაკ კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რევაზ ბეშიძე დაესწრნენ. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე დაგეგმილია სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებსა და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან.