გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროს გამოწვევები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

საუბარი შეეხო რეგიონში წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივებს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

ხაზგასმით აღინიშნა ტოივო კლაარისა და, ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობა და გაწეული ძალისხმევა.

ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა, მანდატის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე.

ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები