„მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში დასაქმების მაჩვენებელი 70%-ზე მაღალია“ – მათე ტაკიძე
პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის, მათე ტაკიძის განცხადებით, თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში დასაქმების მაჩვენებელი 70%-ზე მაღალია. ამის შესახებ ტაკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, პროგრამაზე რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს და მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.
„ისწავლე და დასაქმდი“ თბილისის მერიის პროგრამაა, რომელიც ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ორი მიმართულება შეიძლება, გამოვყოთ. პირველი საზოგადოება, რომელსაც რაღაც მიმართულებებში მომზადება უნდა და მეორე – ბიზნესი, რომელიც მომზადებულ კადრებს ელოდება. რაც შეეხება დაინტერესებას და მომართვიანობას, მინდა, ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო პერიოდი ძალიან დიდ პერიოდს არ შეადგენს, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. პირველ ეტაპზე დაახლოებით 400-მდე თავისუფალი ადგილი გამოვაცხადეთ, რაც პრაქტიკულად, შევსებულია. მიმართულებები საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. ჩამოვთვლი მიმართულებებს, სადაც მიღებაა გამოცხადებული: ტურიზმის სფერო, კულინარია, IT ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ავტოინჟინერია. სამშენებლო ინჟინერიაზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა, დასაქმებაც მაღალია. მინდა, ანაზღაურების თემასაც შევეხო. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში სამშენებლო ინდუსტრიაში სახელფასო ნიხრები საკმაოდ აწეულია. ეს გამომდინარეა იქიდან, რომ დეფიციტია და ამასთან ბიზნესმა ძალიან სწორად გაიგო მესიჯი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათთან დასაქმდება, კომპანიის განვითარებისთვის კაპიტალი უნდა იყოს.
„ისწვალე და დასაქმდი“ თბილისის მაცხოვრებლებს ეხებათ, თუმცა, ბევრი სხვა პროგრამა გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ამიტომ ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და კვალიფიკაცია მიიღოს. თუ თბილისის მერიის პროგრამაში ვერ მოხვდა, რადგან თბილისი მაცხოვრებელი არაა, შეუძლია, სხვა პროგრამებით ისარგებლოს. სწავლა დაფინანსებულია ან თბილისი მერიის, ან სახელმწიფოს მიერ.
დასაქმების მაჩვენებელი 70 %-ზე მაღალია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რამდენიმე ათას ადამიანზეა საუბარი, რომელიც თბილისი მერიის პროგრამით – გადამზადდა. თბილისი მერიამ წელს რაოდენობა გააორმაგა. პირველ ეტაპზე 400-მდე ადამიანს მივიღებთ, მეორე ეტაპზე , შემოდგომაზე, ასევე 400-მდე ადამიანს. საუბარია ერთ კონკრეტულ კოლეჯზე, „სპექტრზე“ , ჯამურად ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, რადგან ამ პროგრამაში თბილისში ბევრი კოლეჯია ჩართული. მერიის მიერ პროგრამის დაფინანსება გაიზარდა, რაც ხელს უწყობს იმას,რომ ბევრი პედაგოგი მოვიწვიოთ, სასწავლო რესურსები გავაორმაგოთ“, – განაცხადა ტაკიძემ.
მისივე თქმით, რაც უნდა ნონსენსი იყოს, რეალობა შემდეგია – დასაქმებაზე მოთხოვნა მაღალია და ამავე დროს კადრების დეფიციტია.
„მინდა, მაყურებელს ვუთხრა, რომ, როდესაც ვაპირებთ, რაიმე ტიპის პროგრამა გამოვაცხადოთ, ჯერ კვლევას ვაკეთებთ, რომელიც სხვადასხვა ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება, რათა გამოიკვეთოს, თუ რა მოლოდინებია, რა უნდათ მათ, სად აქვთ პრობლემა, სად არის სუსტი რგოლი, სადაც შეგვიძლია, კადრები მოვამზადოთ, ამის შემდეგ ამ პროგრამაზე მიღებას ვაცხადებთ, რათა კვალიფიციური კადრები გამოვუშვათ. ამაში ჩართულია ბიზნესი, რადგან ყველა პროგრამის უკან ბიზნესი დგას, რომელსაც მას ამა თუ იმ მიმართულებაში მომზადებული კადრი სჭირდება. ისინი ამ პროცესში მუდმივად გვეხმარებიან. სადაც საჭიროა, სტუდენტები ჩვენთან ემზადებიან, სადაც საჭიროა კი კომპანიებში, ჩვენ გვაქვს მაღალი დონის პრაქტიკული სივრცე, მათი ინსტრუქტორები, კომპანიებთან ერთად ვმოქმედებთ, ვცდილობთ სტუდენტები ისეთ გარემოში მოვამზადოთ, სადაც რეალურ სისტემაზე დაფუძნებული სწავლება იქნება, შესაბამისად, ხარისხიც მეტია, მეტ ადამიანს უჩნდება შანსი, არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ კვალიფიციური პროფესიონალი გახდეს, რომელიც ბინზესს სჭირდება. ბუნებრივია, ბიზნესი ამ შემთხვევაში ვალდებულებას იღებს. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამდენი მიმართულებისა, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, სამწუხაროდ, დღესაც მაღალი დისბალანსია, გაცილებით მეტი რაოდენობის მომზადებული კადრი გვჭირდება და თბილისის მერიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ პროგრამის მეორე ეტაპიც დაიწყება, ანუ კიდევ დავიწყებთ გადამზადებას. ამიტომ, მინდა, თბილისის მაცხოვრებლებს ვუთხრა, რომ მათთვის ეს პროგრამა საკმაოდ ბევრ მიმართულებაზე კიდევ ერთხელ გამოცხადდება, ჩვენ მარტო 12 მიმართულება გვაქვს, გარდა ამისა, სხვა კოლეჯებს სხვადასხვა მიმართულებები აქვთ. თბილისის მაცხოვრებლებს არჩევანის ფართო სპექტრი აქვთ, მათ შეუძლიათ, ბევრ კოლეჯში მივიდნენ, განათლება მიიღონ, აბსოლუტურად უფასოდ. ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ თბილისის მერია თითოეული მოქალაქის მომზადებას სრულად აფინანსებს. გარდა ამისა, ბიზნესის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. დღეს კადრების დეფიციტია, ბიზნესს კი წარმოების განვითარება სჭირდება.
მინდა, ყველა თბილისში მაცხოვრებელს ვუთხრა, რომ რეგისტრაცია ხვალაც გაგრძელდება, ვისაც სურვილი აქვს, შესაბამის პროგრამაზე მომართვიანობა გააკეთოს, ამისთვის მზად ვართ. მათ მაღალი დონის გარემო, მაღალი დონის ინსტურქტორები, პედაგოგები დახვდებათ, ასევე ბიზნესი, რომელიც თითოეულ მათგანს ელოდება. მზად ვართ, ყველა მათგანს ბიზნესთან შუამდგომლობა გავუწიოთ, რათა სამსახური სწავლის დასრულებისთანავე დაიწყონ და ეს რეალურია.
რაც უნდა ნონსენსი იყოს, რეალობა ასეთია: მოთხოვნა დასაქმებაზე მაღალია და, სამწუხაროდ, კადრების დეფიციტია“, – განაცხადა ტაკიძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ პროგრამაზე “ისწავლე და დასაქმდი” რეგისტრაცია გამოაცხადა, რომელიც 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სასწავლო პროცესი 20 მარტს დაიწყება.
„პროგრამაში წარმოდგენილია სამშენებლო, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, საფინანსო, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებიდან 50-მდე პროფესიული სპეციალობა“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.
მათივე ცნობით, პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაციისთვის, ინფორმირების და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით ფუნქციონირებს ელექტრონული პლატფორმა: www.dasakmdi.ge. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია და მინიმალური ასაკი 18 წელი.