ლევან იოსელიანი: პროდასავლური კურსის გამოსახატად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს შეურაცხყოფს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის წინ დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი შეფასებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.

“მინდა, გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული.
რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა, ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს”, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ალტ-ინფოს” აქციაზე პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. შსს-მ პარლამენტთან დროშის დაწვასთან დაკავშირებით, საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები