მიშა შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

16 მარტს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში მხატვარ მიშა შენგელიას (1959-2020) პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მიშა შენგელიას პერსონალური გამოფენა პირველად იმართება საქართველოს ეროვნულ გალერეაში. იგი მისი შემოქმედების 30-წლიან (1989-2019) პერიოდს მოიცავს. „გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ნამუშევრები დავით მუშკუდიანის კოლექციიდან. მიშა შენგელია და დავით მუშკუდიანი მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ. მათი თანამშრომლობის შედეგია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები: „მასმედიის ერთი დღე 1495-ში“ და „პროლეტარიატის დიქტატურის სკოლა“.
მიშა შენგელია დაიბადა 1959 წელს თბილისში. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია (პროფესიით გეოლოგი იყო), მაგრამ ადრეული ასაკიდან ხატავდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1995 წელს გაიმართა „ბაია გალერეაში“ (მაშინდელი გალერეა „ორიენტი“). მას შემდეგ მან არაერთი გამოფენა გამართა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. 2014 წელს გალერეაში „შარდენი“ პირველად გამოიფინა დავით მუშკუდიანის კოლექციაში დაცული მიშა შენგელიას ნამუშევრები.
მიშა შენგელიას, როგორც მხატვრის, ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსიკო ოატის კაფე „ნიუ არტის“ თავისუფალმა შემოქმედებითმა გარემომ. ის აქტიურად მონაწილეობდა „ნიუ არტის“ ცხოვრებაში და თავადაც მოაწყო იქ არაერთი გამოფენა თუ პერფორმანსი. „ნიუ არტს“ თავის დროზე მრავალი ხელოვანი და ინტელექტუალი სტუმრობდა.
მიშა შენგელიას მხატვრული სამყარო უცნაური და გამორჩეულია. აქ შეხვდებით ჩრდილოეთის რენესანსისათვის დამახასიათებელ სახალხო სეირნობებს, ჯადოქრებსა და ალქიმიკოსებს, რუხ კარდინალებს, პაციფისტ გენერლებს, მაფიოზებსა და დიქტატორებს. ხშირად ისინი მსოფლიოს მხატვრობის შედევრების პერსონაჟთა (მაგ., კვენტინ მეტსისის „უშნო დიდგვაროვანი“ ან პიერო დელა ფრანჩესკას „ფედერიკო და მონტეფელტრო“) სტილიზებული გამოსახულებებია. ეს ტრაგიკომიკური გმირები მოწმობენ, რომ ავტორი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორის ენით ეხმაურება ირგვლივ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს.
მიშა შენგელიას ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ისრაელში, აშშ-ში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. 2022 წელს მისი ნამუშევრები შეიძინა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, ხელოვანის მეგობრებმა ლენა კრილოვამ და დერეკ მიულერმა კი მუზეუმს თავიანთი კოლექციებიდან ორი ნამუშევარი გადასცეს“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 14 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები