IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, ვითარება საგანგაშოა

რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის ფონზე, IAEA-ს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე გლობალური მასშტაბის ბირთვული კატასტროფა უფრო ახლოვდება.

”დღეს დილით, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა გარე ელექტრომომარაგება მას შემდეგ დაკარგა, რაც მისი ბოლო დარჩენილი 750 კვ ხაზი გაითიშა. ერთადერთი სარეზერვო 330 კვ ხაზი რამდენიმე დღის წინ დაზიანდა და მიმდინარეობს მისი შეკეთება”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ობიექტზე 20-ვე ავარიული დიზელის გენერატორია გააქტიურებული, აქედან რვა ატომურ ელექტროსადგურს ენერგიით უზრუნველყოფს, დანარჩენი ლოდინის რეჟიმშია.

გროსიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადაყვანილი. სადგურის ბოლო გათიშვა გასული წლის 23 ნოემბერს მოხდა.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში. და ჩვენ რას ვაკეთებთ? როგორ შეგიძლიათ, იჯდეთ, როდესაც ასეთი რამე ხდება? ასე ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.

მან აღიარა, რომ IAEA პოტენციური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საკმარისს არ აკეთებს.

„თითქოს კამათელს ვთამაშობთ, მაგრამ ერთ დღეს ჩვენი იღბლიანობა დასრულდება“, – გააფრთხილა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები