გიორგი ცუცქირიძე: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში დაიწყოს ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობის დეტალური შესწავლა

“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში დაიწყოს ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობის დეტალური შესწავლა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით დააწესოს ჯარიმები იმ კომპანიებზე ან ჰოლდინგურ ჯგუფებზე, რომლებიც კარტერული გარიგებების პრინციპით ზე მოგებაზე მუშაობენ! ამით ბიუჯეტიც იხეირებს და მომხმარებლის ინტერესიც დაცული იქნება!”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით,  ოლიგოპოლიური ბაზრის კლასიკური მაგალითია ფასების მოკლე დროში მკვეთრი მერყეობაც, როდესაც მთავრობის განცხადებების შემდეგ ფასები მკვეთრად მცირდება და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ იზრდება.

“ქართული ოლიგოპოლიური გაკვეთილები.
რადგან ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რატომ არ მცირდება ფასები მედიკამანტებზე და სასურსათო პროდუქციაზე, მიუხედავად ლარის თითქმის 20 პროცენტიანი გამყარებისა ბოლო 9 თვეში, რასაც ემატება მთავრობის მხრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სტრატეგიაზე გადასვლა, შევეცდები შეძლებისდაგვარად ავხსნა ამ ფენომენის მიზეზები.
მთავარი მიზეზი არის ბაზრის დეფორმაცია რაც თეორიაში ცნობილია ოლიგიპოლიური ბაზრის სახელწოდებით ანუ ბაზარი, რომელშიც იმაზე გაცილებით ცოტა გამყიდველია ვიდრე მყიდველი. შესაბამისად, მოლაპარაკების ან „სათამაშო“ თეორიული სტრატეგიის გზით მათ შეუძლიათ ფასებისა და შემოთავაზებული საქონლის ხარისხის გაკონტროლება.
“ამასთან, ოლიგოპოლიურ ბაზარზე შეღწევა გართულებულია, რაც წარმოშობს მონოპოლიური მოგების მიღების ობიექტურ საფუძველს. რაც არანაკლებად საინტერესო უნდა იყოს, იმასაც აღვნიშნავ, რომ პოლიტიკური ბაზრების უმრავლესობა, სადაც პოლიტიკური პარტიები პოლიტიკით „ვაჭრობას“ ეწევიან, ოლიგოპოლიურია. ამიტომაც არის, რომ ქართული ოპოზიცია ამ მეტად მტკივნეულ საკითხზე პრაქტიკულად დუმს! ამ დუმილის მიზეზები სხვადასხვაგვარია თუმცა მათი განულებული რეიტინგები და საზოგადოების მოთხოვნებთან ასიმეტრიული აცდენა ამის შედეგია! შეიძლება ე.წ აგენტების შესახებ კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ მეტად არა, როგორ კორელირდება მათი პოზიციონირება სოციალურ თემატიკასთან!
ერთადერთი ისევ ხელისუფლებაა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცდილობს ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას.
ოლიგოპოლიური ბაზრის კლასიკური მაგალითია ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ე.წ ჰოლდინგური კომპანიების ხელით ხდება ფასების რეგულირება, უფრო გასაგებად, რომ ითქვას ეს არის ბიზნეს სტრუქტურა სადაც იმპორტიორი, დისტრიბუტორიც და საცალო ქსელის მფლობელიც, ცალკეულ შემთხვევებში მწარმოებელიც ერთი ჰოლდინგის წევრია! შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის ქვეყნებში სწორედ ჰოლდინგური კომპანიების კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად ხორციელდება კარტერული გარიგებების თავიდან ასაცილებლად.
წარმოუდგენელია ის რაც ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე, თუნდაც ერთი მედიკამენტის მაგალითიც საკმარისი უნდა იყოს. არის ასეთი მედიკამენტი “ბეტადინი”, რომელიც იმპორტულია და გამოიყენება ხელების დეზინფექცია და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავებისათვის, ასევე ჭრილობების და დამწვრობების ანტისეპტიური დამუშავების მზინით. დღეს მისი ფასი 30 მილიგრამის ფლაკონის შეძენისას 9 ლარს აღემატება, მაშინ როდესაც თუნდაც 1 წლის წინ სულ რაღაც 6.5 ლარი ღირდა ანუ ფაქტობრივად გაძვირებულია მთელი 40 პროცენტით, ლარის 20 პროცენტიანი გამყარების მიუხედავად!
ასეთი სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა თავისუფლად არის შესაძლებელი. მთავრობის სტრატეგიას რეფერენტულ ფასწარმოქმნაზე თუ როგორ პასუხობს ქართული ოლიგოპოლიური ბაზარი აქედანაც ჩანს. მართალია, პირველ ეტაპზე თურქეთის ბაზრის გახსნამ ფასები მთელ რიგ მედიკამენტებზე, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ ცალკეულ შემთხვევებში მთელი 100 პროცენტითაც კი შეამცირა, მაგრამ დღეს უკვე რეფერენტული ფასწარმოქმნის ანუ ცალკეულ წამლებზე ზედა ჭერის დაწესების პირობებში, სახეზე სხვა გამოწვევას ვხედავთ, როდესაც ესა თუ ის მედიკამენტი რომელიც გუშინ ამ ზედა ჭერზე იაფი ღირდა, უცებ მკვეთრად გაძვირდა ზედა ჭერის დონემდე, რაც ხშირად 25-30 პროცენტის ფარგლებშია.
ოლიგოპოლიური ბაზრის კლასიკური მაგალითია ფასების მოკლე დროში ასეთი მკვეთრი მერყეობაც, როდესაც მთავრობის განცხადებების შემდეგ ფასები მკვეთრად მცირდება და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ იზრდება!
სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მედიკამენტების ბაზარს არ ეხება, იგივე სურათია სასურსათე პროდუქციაზეც, სადაც ფასები ასევე ატარებს ოლიგოპოლიური ბაზრის და კარტერული გარიგებების მკვეთრ ნიშნებს!
აქვე აღვნიშნავ, რომ ამას საერთო არაფერი აქვს თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან და არც მოთხოვნა-მიწოდების ცნობილ სენტენციებთან, საწვავზე ფასებზე რომ არაფერი ითქვას, სამწუხაროდ, ეს არის ქართული ბიზნესის კლასიკური დესოციალური და მტაცებლური სახე, რომელიც მაქსიმალურ მოგებაზე მუშაობს საკუთარი მოქალაქეების გაღატაკების ხარჯზე! ყველაზე დიდი საბოტაჟიც და სოციალური დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ ეს არის, რაც სამომხმარებლო ბაზარზე ხდება და მაღალ ინფლაციაშია ასახული!
ცალკე საკითხია ადგილობრივ ნედლეულზე წარმოებული პროდუქციის ფასები. აქ ბევრი ქვეყნის მოყვანა შეგვიძლია, სადაც ადგილობრივ ნედლეულზე წარმოებული პროდუქცია გაცილებით იაფია იმპორტულ პროდუქციაზე, მაგალითად იმ ქვეყნებში რომლებიც არიან ნავთობ პროდუქტების ექსპორტიორები ფასები შიდა ბაზარზე გაცილებით ნაკლებია საერთაშორისო ფასებთან შედარებით. ეს არის ამ ქვეყნების სოციალური პოლიტიკის პლატფორმა, რაც მომხმარებლის ინტერესებზეა მაქსიმალურად მორგებული!
წარმოუდგენელია ფასები შიდა ბაზარზე იზრდებოდეს ბორჯომზე, ლიკანზე და ქართულ მინერალურ წყლებზე ასეთი თითქმის 100 პროცენტიანი დინამიკით, როდესაც არც ინფლაცია და არც სხვა რაიმე ფაქტორი ან თვითღირებულების რაიმე კომპონენტი ამის ობიექტურ მიზეზს არ ქმნის! 1 ლიტრიანი ბორჯომი უბრალოდ 2 ლარი არ უნდა ღირდეს და არც 1.20-დან უნდა იყოს ასე მკვეთრად გაძვირებული!
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში დაიწყოს ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობის დეტალური შესწავლა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით დააწესოს ჯარიმები იმ კომპანიებზე ან ჰოლდინგურ ჯგუფებზე, რომლებიც კარტერული გარიგებების პრინციპით ზე მოგებაზე მუშაობენ! ამით ბიუჯეტიც იხეირებს და მომხმარებლის ინტერესიც დაცული იქნება!
სოციალურად ორიენტირებულ და ადამიანზე მორგებულ სახელმწიფოს ვერასდროს მივიღებთ თუ თუ ეს მახინჯი სისტემა, 100 %-იანი ფასნამატის მარჟებით რომ ფუნქციონირებს, არ დაინგრა, რომელსაც არაფერი საერთო სამართლიან ფასწარმოქმნასთან და კონკურენტულ სივრცესთან არა აქვს!
კიდევ ერთ ოლიგოპოლიურ სეგმენტზე ქართულ საბანკო სისტემაზე და მის ნეგატიურ ზეგავლენას მთლიანად ქართულ ეკონომიკაზე მომავალში უფრო დეტალურად შევეხები!”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები