კობახიძე: არგუმენტი არ აქვთ და ვნახეთ ცარიელი ისტერია ჯერ სხდომათა დარბაზის გარეთ და მერე უკვე შენობის წინ

ჩვენ ვნახეთ ცარიელი ისტერია ჯერ სხდომათა დარბაზის გარეთ და მერე უკვე შენობის წინ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას განვითარებულ პროცესები.

„არგუმენტები არა აქვთ საერთოდ არც ერთ და არც მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვნახეთ ცარიელი ისტერია ჯერ სხდომათა დარბაზის გარეთ და მერე უკვე შენობის წინ.
როდესაც საფუძველი არა აქვს ამ ისტერიას, მერე ეს ძალიან მარტივად სრულდება ხოლმე. ზოგადად ეს კანონი არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ის ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას, ბუნდოვანების აღმოფხვრას და ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია წარმატებით განხორციელდეს. დეპოლარიზაცია ერთ-ერთია 12 პუნქტთაგან, რომელიც შემოთავაზებულია ევროკავშირის მიერ და ამ კუთხითაც საინტერესოა ამ კანონის შემდგომი განხილვა“, – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფები. პარალელურად, აქცია იყო პარლამენტის ფოიესა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. მოქალაქეები ამბობენ, რომ კანონის მიღება საქართველო დაკარგავს ევროპულ მომავალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები