“უკრაინაში ომი შესაძლოა, კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს” – უკრაინის მთავარსარდლის მრჩეველი
რუსეთთან ომი შესაძლოა, კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს და ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის მრჩეველმა, გენერალმა ვიქტორ ნაზაროვმა Spiegel-თან ინტერვიუში თქვა.
გენერლის თქმით, 2022 წლის თებერვალში ფიქრობდა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი, სულ მცირე, ერთ წელს გაგრძელდებოდა, თუმცა, ახლა ვარაუდობს, რომ უკრაინას სრული გამარჯვებისთვის კიდევ ერთი წელი დასჭირდება.
ნაზაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება სავსებით შესაძლებელია და ამ ომს ასეთი დასასრული უნდა ჰქონდეს.
მისი აზრით, რუსეთის დიდი ტერიტორია და მტრის ხელთ არსებული ბირთვული იარაღი გამორიცხავს რუსეთის სრულ დამარცხებას და კაპიტულაციას. თუმცა, უკრაინის ტერიტორიიდან რუსების გაძევება შესაძლებელია.
„საუბარია აზოვის ზღვის სანაპიროზე და ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიების დეოკუპაციაზე“, – განაცხადა გენერალმა.
ნაზაროვმა გაიხსენა, რომ ასეთი მაგალითები უკვე არსებობს ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში, სადაც მათ მოახერხეს რუსული ჯარების დამარცხება და დიდი ტერიტორიების გათავისუფლება.