ევროკავშირი და ნატო რუსული “ჰუმანიტარული კოლონის” გადაადგილებას უკრაინის საზღვრის დარღვევად მიიჩნევს

მოსკოვის ქმედებას – ლუგანსკში “ჰუმანიტარული კოლონა” კიევის და საერთაშორისო დამკვირვებლების ნებართვის გარეშე გაეგზავნა, ნატოს და ევროკავშირის მხრიდან კრიტიკა და ბრალდებები მოჰყვა. ისინი მოუწოდებენ რუსეთს გადაიფიქროს და უარი თქვას კონფლიქტის ესკალაციაზე. როგორც ევროკომისარ ქეტრინ ეშტონის პრესმდივანმა სებასტიან ბრაბანმა განაცხადა, ჰუმანიტარული კოლონის მიერ საზღვრის გადაკვეთა მოსკოვს, კიევსა და “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტს შორის შეთანხმების დარღვევით მოხდა.
„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. ეს უკრაინის საზღვრების ღია დარღვევაა და ეს წინაღმდეგობაში მოდის უკრაინას, რუსეთსა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს შორის შემდგარ წინა შეთანხმებასთან“, – განაცხადა ბრაბანმა.
გაცილებით კრიტიკული იყო ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. მან ისაუბრა “ჰუმანიტარული კოლონის” მიერ უკრაინის მთავრობასთან შეუთანხმებლად , უკრაინის საზღვრების გადალახვაზე.
„ამას რეგიონში კრიზისის გაღრმავება შეუძლია, რომელიც თავად რუსეთმა შექმნა და ახლა გამწვავებას აგრძელებს“, – ნათქვამი იყო რასმუსენის განცხადებაში.
უკრაინამ სამი ათეული რუსული სატვირთოს საზღვარზე გადასვლა ქვეყანაში „პირდაპირ შეჭრად“ შეაფასა და კრემლი პროვოკაციის მომზადებაში დაადანაშაულა, ამასთან თავის მხარეს მოუწოდა „ჰუმანიტარული კოლონის“ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ ძალა.
მოსკოვი კი თავის მხრივ ირწმუნება, რომ მხოლოდ ტვირთის დროულად დაცლა და ინციდენტებისგან თავის არიდება სურს.

წყარო: ru.reuters.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები