“All4Nature“ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს

„All4Nature“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე ახალი საგრანტო პროექტია, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების დაცვასა და გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ეკოსისტემების დაცვას, მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის პოპულარიზაციას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდების ჩართულობას ბუნების დაცვის პროცესში და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სრული განახლება. შეიქმნება თანამედროვე 3D ინტერაქტიული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული. ასევე მოეწყობა ეკობანაკები, განხორციელდება შემეცნებითი აქტივობები და შეიქმნება ციფრული საგანმანათლებლო რესურსები.

პროექტი ხორციელდება Interreg VI-B NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა 2021–2027-ის ფარგლებში. მასში საქართველოსთან ერთად ჩართულნი არიან თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო მიმართულების ორგანიზაციები, რაც გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 1.4 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს, ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გამოყოფილია 280 233 ევრო, საიდანაც 90% ევროკავშირის დაფინანსებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები