ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინა ამჟამად თავდაცვის ტექნოლოგიების საუკეთესო ლაბორატორიაა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ, ვილნიუსში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა, რეალურ სამყაროში არსებული საუკეთესო ლაბორატორიაა თავდაცვის ტექნოლოგიების კუთხით.
შეკერინსკამ გამოყო ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: უპილოტო სისტემები, ელექტრონული ომი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამიზნეების იდენტიფიცირება და იმედი გამოთქვა, რომ სესიაზე დამსწრეები თანამშრომლობის სხვადასხვა იდეას განიხილავენ და საკუთარ დედაქალაქებში კონკრეტული შეთავაზებით დაბრუნდებიან.
“უკრაინა ამჟამად თავდაცვის ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ სამყაროში არსებული ლაბორატორიაა. უპილოტო სისტემები, ელექტრონული ომი, ხელოვნური ინტელექტით სამიზნეების იდენტიფიცირება და ბევრი სხვა. ასე რომ, იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანი შეძლებთ, შემოგვიერთდეთ ფორუმზე, ისარგებლოთ შესაძლებლობით და განიხილოთ თანამშრომლობის იდეები, შემდეგ კი დაბრუნდეთ თქვენს დედაქალაქებში კონკრეტული წინადადებებით. ეს კარგი იქნება უკრაინისთვის და ეს კარგი იქნება ნატოსთვისაც”, – განაცხადა რადმილა შეკერინსკამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.