ჯონდი ბაღათურია: საქართველომ როცა თქვა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვარ და ჩემი ქვეყნის ინტერესებში არ შედის ომი, ამის შემდეგ დაიწყო საბოტაჟი

საქართველომ როცა თქვა, რომ მე დამოუკიდებელი ქვეყანა ვარ და ჩემი ქვეყნის ინტერესებში არ შედის ომი, მე მინდა მშვიდობა, ამის შემდეგ დაიწყო საბოტაჟი, ეს არის იგივე ოპერიდან, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქისგან პარტიების დაფინანსებას. ამის ლოგიკაა, უცხო ქვეყანა არ დომინირებდეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე.

„ჰიტლერიც ევროპა იყო და ფრანკოც, ჩვენ გვინდა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ურთიერთობა. კორუფციის ჭაობში დამხრჩვალი ევროპარლამენტარები, როგორიც არის მაგალითად, კუბილიუსი, ათი პარლამენტის წევრი დააკავა ახლა ბელგიის პროკურატურამ, მანამდე ოთხი ზუსტად იმ საქმიანობაში, რასაც ეწევა კუბილიუსი, მას უხდიან საქართველოში ნაქურდალ ფულს ამერიკული და ბრიტანული ლობისტური კომპანიების გავლით და აქეთ აკეთებს კიდევ განცხადებებს. ეს არ გვინდა ჩვენ. ამიტომ არ შეიძლება სპეკულაცია, ევროპა არ გინდათო. ვიმეორებ, ჰიტლერიც ევროპა იყო და ფრანკოც. გუშინ ბრიფინგი ჩაატარა შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანმა, ჯეიკ სალივანმა და საოცარი დამთხვევაა, ამ კანონით, რომელიც თქვენ გადათარგმნეთ, რეგულირებადი პირებისადმი 702-ე დამატების ვადის გაგრძელება მოითხოვა. ანუ ეს არის უფლება, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარდეს მათი ელექტრონული ფოსტის თვალთვალი, მონიტორინგი და მოსმენები შეერთებულ შტატებში. ეს დაასაბუთა იმით, რომ გამოწვევები გაიზარდა რუსეთსა და ჩინეთთან.

ამერიკის შეერთებული შტატები სუპერ სახელმწიფოა, 400-მილიონიანი სახელმწიფოა, რომელსაც ტრილიონიანი ბიუჯეტი აქვს, 700-მილიარდიანი მარტო თავდაცვის ბიუჯეტია. ამ სახელმწიფოს აქვს ისეთი გამოწვევები, რომლებიც მათ არ აძლევს არსებულ საკანონმდებლო ბაზაში უსაფრთხოების გარანტიებს და ცდილობენ, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოუსმინონ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება, არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ეს იყოს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი.

ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელიც 2020 და 2016 წლების არჩევნებში კენჭს იყრიდა და საარჩევნო კამპანიას რომ აწარმოებდა, ამ დროს იღებდა ფულს უცხო ქვეყნისგან, ზოგი რუსეთისგან, ზოგი შეერთებული შტატებისგან, სოროსისგან. ჩვენ ხომ გვაქვს კანონი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქისგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. ამის ლოგიკაა, რომ უცხო ქვეყანამ არ მართოს, არ დომინირებდეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, მაგრამ ეს სწორი კანონი არ მუშაობს, რადგან არის დიდი შავი ხვრელი, ესაა სამოქალაქო სექტორი, რომელიც ასევე ფინანსდება უცხო ქვეყნიდან. საარჩევნო კამპანიას ატარებს ადამიანი, რომელიც კენჭს რომ იყრიდა, ფინანსდებოდა უცხო ქვეყნიდან. ბევრი ჩემი მეგობარია სამოქალაქო სექტორში და ბევრი იყო. ქართულ საზოგადოებას, ამომრჩეველს არ აქვს უფლება, იცოდეს მაინც, რომ ადამიანი დღეს კენჭს რომ იყრის და ხმა უნდა მისცე, რუსული ფონდიდან იღებს ფულს, ამერიკულიდან, სომხურიდან, ფრანგულიდან, აფრიკულიდან თუ სხვა.

მნიშვნელოვანია, ადამიანს, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვის ირჩევს პარლამენტში. ელექტრონული მედია დილიდან საღამომდე ტყუილის, სიბინძურის ტირაჟირებას ეწევა, ჭუჭყიანი საცვლებივით გამოფენილი ჰყავს ადამიანები ეკრანზე, რომლებიც სიბინძურეს აფრქვევენ, პატრიარქს, ეკლესიას ლანძღავენ, ვიღაცაზე ამბობენ, კორუფციის ჭაობშიაო, თან აშკარად ტყუილია, თუმცა ხომ ითქვა. სულ მცირე, მე, საქართველოს მოქალაქეს, არ მაქვს უფლება, ვიცოდე, რომ ეს მედია ფინანსდება რომელიღაც ფონდიდან. არ მაქვს უფლება, ამის შესახებ ინფორმაცია მქონდეს?

30 წლის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა იყო აბსოლუტურად ნომინალური. თქვენც ხომ იცით, როგორც ვიქცევით ყველა ხელისუფლება, ყველა. „ქართული ოცნება“ 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ბრბო, რომელიც ამ სხდომის საბოტირებას ცდილობდა, ეს ბრბო ყოველთვის დომინირებდა პოლიტიკურ პროცესზე. დარბაზში მოდიოდნენ სოროსის ფონდიდან დაფინანსებული ადამიანები, რომლებიც არც მეტი არც ნაკლები, სიტყვა-სიტყვით ითხოვდნენ ნარკოტიკების მოხმარების, შეძენა-გადაზიდვისა და გავრცელების ლეგალიზებას. ახლა რომ არ ყოფილიყო დიმიტრი ხუნდაძე, რომ არ ყოფილიყო მაშინ მირიან წიკლაური, ეს კანონპროექტი ყანყალებდა, რადგან უმრავლესობაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასევე რაღაც ფონდებიდან მოვიდნენ. შემდეგ ამ ფონდიდან აღებული ფულით აქ ტარდებოდა აქციები, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, აკნინებდნენ ყველანაირ სახელმწიფო ღირსებას. მადლობა, რომ დაიწყეთ ამ კანონზე ლაპარაკი და ღმერთმა არ ქნას, ახლა არ გავიდეს.

ნახევარზომებით ჩვენ ამ ბრბოს ვერ დავამარცხებთ. ამერიკული კანონპროექტი უფრო კარგია. ვუყურებდი, რა დამცირებას იტანდით და მივხვდი, რომ გააზრებული გაქვთ, რაც დაიწყეთ. სხვანაირად ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. საქართველომ როცა თქვა, რომ მე დამოუკიდებელი ქვეყანა ვარ და ჩემი ქვეყნის ინტერესებში არ შედის ომი, მე მინდა მშვიდობა, ამის შემდეგ დაიწყო საბოტაჟი, ეს არის იგივე ოპერიდან“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები