ბრიანსკში კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა – პუტინი ტერაქტზე საუბრობს
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში რეგიონის ტერიტორიაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ის ასევე აცხადებს, რომ კლიმოვსკის რეგიონის სასაზღვრო რეგიონში უკრაინელი დივერსანტები შეაღწიეს.
ბოგომაზმა განაცხადა, რომ რეგიონის ტერიტორიაზე “უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი” შევიდა.
მისივე თქმით, მათ ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე, 10 წლის ბავშვი დაიჭრა.
ბრიანსკში მომხდართან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და თქვა, მომხდარი “ტერორისტული აქტია”.
პუტინმა თქვა, რომ დივერსანტებმა შეგნებულად დაცხრილეს მანქანა, რომელშიც მშვიდობიან მოქალაქეებს და ბავშვებს ხედავდნენ.
„ხედავდნენ, რომ ეს იყო სამოქალაქო მანქანა. ხედავდნენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები ისხდნენ. ჩვეულებრივი „ნივა“ იყო. ცეცხლი გაუხსნეს. სწორედ ასეთმა ადამიანებმა დაისახა ამოცანად ჩვენთვის ისტორიული მეხსიერების ჩამორთმევა, ჩვენი ისტორიის ჩამორთმევა, ჩვენთვის ტრადიციების და ენის წართმევა”, – თქვა პუტინმა.