პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დარჩა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო ორი პირის მიერ 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის შესახებ, რის გამოც მათ პოლიცია ეძებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიუხედავად აღნიშნულისა, მსჯავრდებულმა წინასწარ შეუპირებლად, დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და ისინი საკუთარ სახლში შეიფარა. კერძოდ, დანაშაულის ჩამდენი პირები 2021 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 02:03 საათზე მივიდნენ მსჯავრდებულის სახლში, ღამე გაათენეს და იმავე დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, მათ ამ უკანასკნელის მიერ გამოძახებული ტაქსით ტერიტორია დატოვეს. პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარუდგინა ბრალდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, უცვლელად ძალაში დარჩა და მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები