გიორგი პატარიძე: ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განცხადებით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
როგორც პატარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანენ.
“პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სპეკულაციები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გრძელდებოდა და მიმდინარეობდა ასე ვთქვათ ბრიფინგებით საუბარი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს თითოეულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე ზოგადად აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა და გახსოვთ თქვენ ჩემი სიტყვები, რომ მოხარული ვიქნები თუ გადავალთ ჯანსაღ კომუნიკაციაზე და შესაბამისად დინამიკაში ავსახავთ პროცესებს, მას შემდეგ გასულია ზუსტად ორი დღე და პრაქტიკულად, ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე აღვნიშნავდით ამ დღეების განმავლობაში, რომ სწორედ დაინტერსებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე და ჩვენ განვაცხადეთ კიდეც არაერთგზის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნა ჩატარებული კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ, ეს დაავადება მას არ დაუფიქსირდა. მერწმინეთ, არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. ჩვენ ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან შევთანხმდით, რომ როგორც მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ეს არის “ვივამედი”, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება. შესაბამისად, კლინიკა “ვივამედში” ქალბატონ მაკას და ქალბატონ ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის, შესაბამის დამატებით კვლევებს”, – განაცხადა პატარიძემ და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას დამატებითი კვლევების ჩასატარებლად კლინიკა “ვივამედში” უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.
“უახლოეს დღეებში, დაახლოებით, ორ დღეში ჩვენ შევთანხმდით, რომ მსჯავრდებული გადავა სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი პატარიძემ.