უსაზღვრო თავგადასავალი – ITB-ზე საქართველო სათავგადასავლო სტენდით იქნება
საქართველოს, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანას, საშუალება აქვს სათავგადასავლო პოტენციალი, ცალკე დამოუკიდებელ სტენდზე წარადგინოს, – ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სათავგადასავლო სტენდზე მისული ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ ადგილებსა და ეროვნულ პარკებს ვირტუალურ რეალობაში იხილავენ. ბერლინის ტურისტული გამოფენის მთავარი 955კვ.მ ფართობის სტენდი საქართველოს ეთმობა. ცალკე სტენდია სათავგადასავლო ტურიზმისთვის, სადაც ღვინისა და საკვები პროდუქტების მიმართულებით, ქართული ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო მწარმოებლები სტენდთან მისულ სტუმრებსა და პარტნიორებს, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარების პროდუქტებს გააცნობენ. წარმოდგენილი იქნება კახეთისა და იმერეთის ავთენტური ტურიზმის კლასტერის წევრთა პროდუქცია, ათი სხვადასხვა სახეობის ქართული ორგანული ჩაი, ქართული ხორბლის ჯიშებისგან (წითელი დოლი და დიკა) მომზადებული ხემსი, არტიზანული ყველი და ჯემები. სივრცეში მისულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ნატურალისტი მეღვინეების იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინო.
ITB ბერლინის სათავგადასავლო დარბაზში საქართველო დონორ ორგანიზაციებთან ერთად იქნება წარმოდგენილი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ და ევროკავშირის წარმომადგენლობა, შვედეთის საელჩო და ავსტრიის განვითარების სააგენტო პროექტ GRETA-ს ფარგლებში. ასევე, საქართველოს ტურიზმის, ტუროპერატორთა და ეკოტურიზმის ასოციაციებთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად წარდგენა.
„ITB Berlin 2023“-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასი წარმომადგენელი აშუქებდა.