“უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსული რაკეტების 80%-ს იგერიებს” – შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო ეფექტური გახდა, ის რუსული ჯარების მიერ გასროლილი რაკეტების უმეტეს ნაწილს იგერიებს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა, სერგი ნაევმა განაცხადა.
“ამჟამად, ჩამოგდებული რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან შეიცვალა და 80%-ია, ზოგიერთ შემთხვევაში კი – უფრო მეტიც. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები უფრო პროფესიონალები და კომპეტენტურები გახდნენ”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსული მხარე ასევე ცვლის საჰაერო თავდასხმის იარაღის გამოყენების ტაქტიკასა და მეთოდებს.
„ამიტომ, ყოველი დარტყმის შემდეგ ვაკეთებთ ანალიზს. ეს ანალიზი ტარდება და მეთაურები, შესაბამისად, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ საჰაერო თავდაცვის სტაბილურობა იყოს უმაღლეს დონეზე“, – დასძინა მან.