კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ჯაზმენის, თამაზ ყურაშვილის, გარდაცვალების გამო
კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ჯაზმენის, თამაზ ყურაშვილის, გარდაცვალების გამო.
„ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ჯაზის მუსიკოსი, კონტრაბასისტი თამაზ ყურაშვილი ქალაქ თბილისში 1947 წლის 25 აგვისტოს დაიბადა.
„ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ჯაზის მუსიკოსი, კონტრაბასისტი თამაზ ყურაშვილი ქალაქ თბილისში 1947 წლის 25 აგვისტოს დაიბადა.
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1984 წელს გახდა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
1968-1969 წლებში თამაზ ყურაშვილი იყო საქართველოს ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“ წევრი; 1968-82 წლებში – საქართველოს ტელერადიო კომიტეტის საესტრადო ანსამბლის წევრი; 1970 წელს უკრავდა ანსამბლში „ჩანგი“; 1979 წლიდან იყო ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი, 1983- 85 წლებში კი – საესტრადო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
თამაზ ყურაშვილმა შექმნა მუსიკა კინოფილმისათვის „ისინი“ (1992), მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ სუფთა დაფა“ (1981), თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლისათვის „ათვინიერებენ მიმინოს“ (1985).
მუსიკოსი კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში: ესტონეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში. თანამშრომლობდა ჯაზის ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიც არიან: ვაგიფ მუსტაფა-ზადე, ლეონიდ ჩიჟიკი, მიხაილ ოკუნი და სხვ.
თამაზ ყურაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
2011 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მუსიკოსის ვარსკვლავი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლიერებით მიაგებს პატივს თამაზ ყურაშვილის ხსოვნას. უსამძიმრებს მის ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.