“უკრაინამ პუტინს კიდევ ერთი მარცხი მიაყენა – მის ზამთრის ტერორს გადაურჩა” – დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზამთრის ტერორს გადაურჩა და ეს გახდა მისი მეხუთე მარცხი.
ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ჩვენ ისტორიაში ყველაზე რთულ ზამთარს გავუძელით. გვციოდა და ბნელოდა, მაგრამ ჩვენ ურღვევი ვიყავით. ჩვენთან ერთად პარტნიორები იდგნენ და გვეხმარებოდნენ. გაიმარჯვა ევროკავშირმაც, რომელიც, მოსკოვის კაკანის მიუხედავად, ასევე არ გაიყინა რუსული გაზის გარეშე“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”.
კულებას თქმით, კრემლის ლიდერმა პირველი მარცხი ომის პირველივე დღეებში განიცადა, როდესაც ვერ შეძლო უკრაინელების შიშისგან პარალიზება.
მეორე იყო კრემლის ბლიცკრიგის ჩაშლილი გეგმები.
“უკრაინა არ დაეცა არც სამ დღეში, არც გვიან, არც ერთ თვეში და არც – ერთ წელიწადში და არასოდეს დაეცემა”, – წერს კულება.
მესამე მარცხი – მარცხი დიპლომატიურ ფრონტზე. კულებას თქმით, უკრაინის მხარეს დადგა საერთაშორისო კოალიცია, რომელიც კიევს სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„მეოთხე მარცხი არის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი რაოდენობით დაკარგვა”, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.