იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტით გამომძიებელი რჩება ბრალდების მხარედ; გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს გამომძიებელი, თუმცა ექნება ვალდებულება, რომ 12 საათის ვადაში ნებისმიერი ფორმით შეატყობინოს პროკურორს ამის თაობაზე; ასევე, პროკურორი უფლებამოსილია შეისწავლოს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და გამომძიებელს მისცეს მითითება, რომ დაიწყოს ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება; გარდა ამისა, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს მისცეს მითითება გამოძიების დაწყების თაობაზე.
მისივე თქმით, გამომძიებელი დევნის დაწყებამდე პასუხისმგებელია გამოძიების წარმართვაზე, ხოლო დევნის დაწყების შემდეგ პროცესში მთლიანად შემოდის პროკურორი.
კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების – ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვება და შინაარსობრივი მონაცემების მოპოვება, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შემთხვევაში გამომძიებელი პროცესს დევნის დაწყებამდე პროკურორთან შეთანხმებით განახორციელებს, ხოლო დევნის დაწყების შემდგომ – თავად პროკურორი.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროექტით, ფუნქციების განაწილება გენერალურ პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს შორის მაქსიმალურად დაბალანსებულია.