Reuters: რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის თითქმის 40% დაკარგა
ანტირუსული სანქციების ფონზე, კრემლმა 2023 წლის იანვარში ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის თითქმის 40% დაკარგა.
ამის შესახებ Reuters-ი საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან იანვარში 18,5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 38%-ით ნაკლებია, ვიდრე მოსკოვმა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მიიღო.
IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა თქვა, რომ რუსული ენერგოექსპორტის წინააღმდეგ მიმართულმა დასავლურმა ზომებმა მიზანს მიაღწია.
“ჩვენ ველოდებით, რომ ნავთობისა და გაზის შემოსავლების ეს კლება უფრო მკვეთრი იქნება უახლოეს თვეებში და კიდევ უფრო მკვეთრი გახდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციებთან ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო”, – თქვა ბიროლმა.