ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ბუქარესტში შეხვედრებს მართავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გაიმართა რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვასილე-დანიელ სუჩიუსთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან მუშოიუსთან და კომიტეტის წევრებთან. შეხვედრები ასევე შედგა ევროპულ და სტრატეგიულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან.
საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მოლოდინები, ევროკავშირთან ურთიერთობებში რუმინეთის გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და შავი ზღვის დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუმინეთის პარლამენტის წევრებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატეს და მზაობა გამოთქვეს, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარი აქტიურად დაუჭირონ. რუმინეთში ვიზიტით იმყოფებიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრები მიხეილ დაუშვილი და თეონა აქუბარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები