საფრანგეთში სურთ, მშობლებს სოციალურ ქსელებში შვილების ფოტოების გამოქვეყნება შეუზღუდონ
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მართლმსაჯულების კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც იცავს ბავშვების უფლებებს საკუთარი სურათების განთავსებაზე.
Politico-ში წერს, რომ საფრანგეთი მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას მშობლების მიერ ინტერნეტში მათი ფოტოების ჭარბი რაოდენობით გაზიარებისგან.
როგორც გამოცემას მმართველი პარტიის დეპუტატმა, ბრუნო სტუდერმა უთხრა, “მშობლებისთვის მესიჯი მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანაა შვილების კონფიდენციალურობის დაცვა”.
მისი თქმით, „ბავშვებს 13 წლამდე, იქამდე, სანამ მათ სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშის გახსნა შეუძლიათ, საშუალოდ 1300-მდე ფოტო აქვთ”.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მშობლების მიერ ბავშვების ფოტოების ინტერნეტში განთავსება ბავშვების კონფიდენციალურობის ერთ-ერთი მთავარი რისკია.
დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის ცნობით, სექსუალური მოძალადეების მიერ გაზიარებული ფოტოების ნახევარი, თავდაპირველად, ბავშვების მშობლების მიერ იყო გამოქვეყნებული.
კანონპროექტი ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვას მშობლებისთვის იურიდიულ პასუხისმგებლობად აქცევს. ორივე მშობელი ერთობლივად იქნება პასუხისმგებელი შვილის გამოსახულების უფლებებზე.
მშობლებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, მოსამართლემ ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა, ბავშვის ფოტოების გამოქვეყნება მეორის ნებართვის გარეშე აუკრძალოს. უკიდურეს შემთხვევაში, მშობლებმა შესაძლოა, დაკარგონ მშობლის უფლებები შვილების ფოტოების განთავსებაზე, „თუ ორივე მშობლის მიერ ბავშვის ფოტოების გამოქვეყნება ეხება ბავშვის ღირსებას ან მორალურ მთლიანობას“.
კანონპროექტის დამტკიცება საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატას მოუწევს.
Write to მარიამ ტიელიძე