ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შემთხვევაში, აშშ ჩინეთს სანქციებს დაუწესებს
ვაშინგტონი არ დააყოვნებს სანქციების დაწესებას ჩინური კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ, თუ პეკინი მოსკოვს ლეტალურ დახმარებას გაუწევს ომის საწარმოებლად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პეკინისთვის მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემა გაჩნდება, თუ ეს ქვეყანა უკრაინაში, ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციებს დაარღვევს.
„ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამას პირველი დღიდან და მიზეზი, რის გამოც წამოვწიე ეს საკითხი, არის ის, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნია, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას“ , – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, აშშ-მა ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგების შესახებ ძალიან „მკაფიოდ გააფრთხილა“.
„ჩვენ არ მოგვერიდება, მაგალითად, ყურადღება მივმართოთ ჩინური კომპანიების ან ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არღვევენ ჩვენს სანქციებს ან სხვაგვარად არიან ჩართულნი რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერაში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.