მამუკა მდინარაძე: ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რაც დაფუძნებულია “ფეიკზე”
“ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია “ფეიკზე” და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის თვითდაზიანებას არ ეწევა.
“შეხვედრას ჰყავს ორი მხარე – ელჩები, რომლებმაც განახორციელეს დემარში და დაინტერესდნენ სააკაშვილის მდგომარეობით, გამოთქვეს შეშფოთება და ამ დემარშის მიმღები, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი. ერთიც და მეორეც საუბრობს ერთსა და იმავე რამეს და მედიასაშუალებები საუბრობენ სხვა რამეს. მინისტრიც ადასტურებს იმას, რაც თქვა ელჩმა, ტელევიზიები სხვა რამეს საუბრობენ.
იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საუბრობენ ერთსა და იმავე რაღაცას, რომ განხორციელდა დემარში და დემარშის შინაარსი გახლდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება. პასუხად მათ მიიღეს დეტალური განმარტება. არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ. მე არ ვაპირებ საზოგადოების მოტყუებას. რაც შეეხება გავლენას, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას, თუ ვინმე ამას ამბობს, ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი. ასეთი მუხლი არ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ფეიკპიარის ტრენდის გაგრძელებაა, სააკაშვილი, უბრალოდ, იტყუება და თუ ვინმეს უნდა, მართლა მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს, უნდა იცოდეს, რომ ორმაგი კალორია მიიღოს, ნუ დადის რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას.
ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე. ამ ქვეყანაში გვყავს ერთი პატიმარი, რომელიც თვითდაზიანებას ეწევა, რაზეც არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში. თუ გააგრძელებს თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე. პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.