„რუსეთი სახმელეთო ბრძოლების წარმოებას აქტიურად ვერ ბედავს, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ამიტომ, დრონებით და სარაკეტო დარტყმებით ცდილობს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კასრელიშვილმა ომის წლისთავზე უკრაინაში არსებული ვითარება შეაფასა.
„ჩვენ დღეს უკრაინის ომიდან 1 წლის თავის შესახებ ვსაუბრობთ. რა შეიძლება, ითქვას ზოგადად: რუსეთმა ფრონტალური შეტევა მიიტანა, რაც, ჩვენი აზრით, მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის საბედისწერო შეცდომა იყო. შიდა რესურსის გამოყენების, მეხუთე კოლონის, რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, რაც, ჩვენი აზრით, მათთვის საბედისწერო შეცდომა იყო. რუსეთს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა, 44- მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობა ისე იოლად არ ნებდება, როგორც, მაგალითად, მეოთხე დღეს საქართველოს მთავრობა ბრძოლის ველიდან გაიქცა, ან როგორც მილიონ 200 000-იანი ჩეჩნეთის დამარცხება შეძლო. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიზანს ვერ მიაღწია, 4 დღეში ვერ აიღო ვერც კიევი, ვერც უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი. გამწარებული ადამიანი მუშტებს უაზროდ რომ იქნევს, დაახლოებით, ასეთი მოვლენები განვითარდა, რუსეთმა რაკეტების სროლა დაიწყო იმ მიზნით, რომ ხალხი დაფრთხებოდა, გატყდებოდა, გაიქცეოდა, შემდეგ დაცარიელებულ სოფლებსა და ქალაქებში შევიდოდა. ნაწილობრივ ახლაც მაგას აკეთებს, ქალაქები განადგურდა, სოფლები დაინგრა, ხალხი დაიხოცა, მაგრამ, რამდენჯერაც ე.წ. გასუფთავებულ ტერიტორიაზე ქვეითი ჯარით და ტექნიკით შესვლა გადაწყვიტეს, უზარმაზარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ამას დასავლეთის, ევროპის სამხედრო, სამედიცინო, ტექნიკური დახმარება დაემატა. უკრაინის არმიამ მსოფლიოში სიდიდით მეორე არმიის წინსვლა შეაჩერა, შემდეგ კონტრშეტევები, სადაც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შესაძლებლობები სწორად და კარგად, რაციონალურად გათვალა, ძალები სწორად გადაანაწილა და შედეგზეც გავიდა. ამან დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ უკრაინელები ერთ გოჯ მიწასაც კი არ დათმობენ. მზად არიან, დამპყრობლებს უფრო მასშტაბური და სერიოზული ბრძოლები გაუმართონ. ამის შემდეგ საქმეში აშშ ჩაერთო, რომელიც ახლა უკრაინას კონტრშეტევისთვის იარაღს აძლევს. აშშ და ინგლისი ბოლომდე იდგებიან იქ, სანამ უკრაინაში რუსეთის არსებული სამხედრო -პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დამარცხდება.
საბრძოლო მოქმედებები, მოვლენები ამჟამად გარდამავალი უპირატესობით ვითარდება. უკრაინა სადღაც კონტრშეტევას კარგად ახორციელებს, სადღაც რუსები ცარიელ სოფლებსა და ქალაქებში შეცვლას ცდილობენ. პოტენციალს თუ განვსაზღვრავთ: რუსეთი ომამდე ძალიან კარგად შეიარაღებული იყო, გაწვრთნილი ჯარით, უკრაინა კი ცუდად შეიარაღებული, საკმაოდ გაუწვრთნელი ჯარით, სერიოზულად გაწვრთნილი ერთი-ორი ქვედანაყოფი ჰყავდათ. დღეს ასეთი მოცემულობაა: რუსეთს კარგად გაწვრთნილი ჯარის თითქმის ნახევარი განადგურებული ჰყავს, იძულებულია, რომ მობილიზაცია გააკეთოს, 3 თვის მობილიზებულ მებრძოლებს სულ ცოტა 1 წელი უნდათ, რომ კარგ მეომრებად ჩამოყალიბდნენ, ტექნიკაც განადგურებული აქვს. რუსეთი სახმელეთო ბრძოლების წარმოებას აქტიურად ვერ ბედავს, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ამიტომ დრონებით და სარაკეტო დარტყმებით ცდილობს, უკრაინელი ხალხი გატეხოს. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს, ცდილობს, მოსახლეობა აიძულოს, ტერიტორიები დატოვონ, მაგრამ ტერიტორიები რომც დატოვონ, გამარჯვებად ითვლება ის, როცა შენი ჯარი შევა, შენი წარმომადგენელი ამა თუ იმ ქალაქში, ოლქში ხელმძღვანელად დაჯდება და მართვას დაიწყებს, ეს რუსეთის სამხედრო -პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დღემდე ვერ მოახერხა. მეორე მხრივ, დღეს უკრაინას კარგად გაწვრთნილი ჯარი ჰყავს. სახმელეთო ოპერაციებისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება და ვფიქრობთ, ეს სწორი ტაქტიკაა. რაც უნდა ჰაერიდან დაბომბო, სანამ ქვეითი ჯარი არ შევა და დროშას არ ააფრიალებს, გამარჯვება არ ითვლება. სწორედ ამისთვის ემზადებიან უკრაინელები, რომ დამპყრობელს ცოცხალი ძალით ღირსეულად დახვდნენ. ბრძოლა კიდევ უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ანალიტიკოსი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო.
„მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ საერთო შეთანხმებიდან გავიდა, უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტი, ბაიდენი ეწვია. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.