ამერიკელმა ექიმებმა ებოლა დაამარცხეს
ებოლას დამარცხება შესაძლებელია. ორი ამერიკელი ექიმი, რომლებიც აღნიშნული ვირუსით დაინფიცირდნენ, უკვე სრულიად გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოც დატოვეს. 33 წლის კენტრ ბრენტლი და 59 წლის ნენსი რაიტბოლი დასავლეთ აფრიკაში, ერთერთ ქრისტიანულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდნენ. 3 კვირის წინ ისინი აღნიშნული ვირუსით დაინფიცირდნენ, რის შემდეგაც მათი გადაყვანა შეერთებულ შტატებში მოხდა.
ამ დროისთვის ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ოფიციალური ვაქცინა არ არსებობს. ექიმებმა პაციენტების გადასარჩენად ექსპერიმენტულ მეთოდს – „ზმაპს“ მიმართეს. მანამდე წამალი ადამიანთა სამკურნალოდ არ გამოიყენებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ ესპანელ მისიონერსაც, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა. ბოლო მონაცემებით, ებოლას ეპიდემიის შედეგად, დასავლეთ აფრიკაში უკვე 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.