შს მინისტრი: ჩვენი მეზობელი და მეგობარი თურქეთი, როცა გვიჭირს, ყოველთვის გვეხმარება და ჩვენც მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ
ისინი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან. როცა გვიჭირს, გვეხმარებიან და ჩვენც ყოველთვის მზად ვართ, რომ გვერდში დავუდგეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
“როდესაც ჩვენთან გვიჭირს, ხშირი შემთხვევებია ხანძრები. თითქმის ყოველ ზაფხულს გვაქვს და ყოველთვის, ჩვენი დარეკვაც არ სჭირდებათ, თვითონვე გამოხატავენ დახმარების სურვილს. სახანძრო თვითმფრინავი ბევრ ქვეყანას არ ჰყავს და მართლა შვებაა მაგ დროს. ასევე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს თურქეთი მყისიერად შეგვეხმიანა. იქ არ გვჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ეს ურთიერთობისა და პატივისცემის თემაა – ისინი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან. როცა გვიჭირს, გვეხმარებიან და ჩვენც ყოველთვის მზად ვართ, რომ გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაცია თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.