ჭიათურაში სპექტაკლ „ზვავის“ პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში თუნჯურ ჯუჯენოღლუს პიესა „ზვავის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სპექტაკლს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი გიორგი ქლაინია, რომელიც გახლავთ ა(ა)იპ „ხელოვანთა ლაბორატორიისა“ და „თბილისის საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალის“ დამფუძნებელი. აგრეთვე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში – „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტის (სპექტაკლი „ზღაპარი დაკარგულ დროზე“) ინიციატორი.
პიესაში „ზვავი“ შიში წარმოჩენილია, როგორც მოძველებული ტრადიცია, რომლის დარღვევაც სოფელს უბედურებას მოუტანს. მაღალმთიანი სოფლის ჩაკეტილ მოსახლეობაში შიშს იმდენად აქვს ფესვი გადგმული, რომ ისინი არც კი ცდილობენ დადგენილი წესების დარღვევას.
შიში ადამიანის ფსიქიკას თრგუნავს, განურჩევლად ეპოქისა და ეროვნებისა – სწორედ ეს იდეა გახდა პიესის საერთაშორისო აღიარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. დრამატურგი ცდილობს აჩვენოს, რომ გამოგონილი ადათ-წესების გამო იკარგება ადამიანის თავისუფალი ნება. და იქნებ შეუძლია ადამიანს სხვა გზის პოვნა?! იქნებ ამ მდგომარეობიდანაც არსებობს გამოსავალი?! ასეთ მოაზროვნე ადამიანს ეძებს დრამატურგი პიესაში და პოულობს კიდეც.
თუნჯურ ჯუჯენოღლუს პიესა „ზვავი“ რამდენჯერმე დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე. ახმეტელის დრამატულ თეატრში პირველ წარმოდგენას თავად ავტორიც ესწრებოდა, სადაც მისი, ქართულ ენაზე გამოცემული, პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები