ჩინეთმა უკრაინის ომის დარეგულირების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომის პოლიტიკური მოგვარების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში:
1. ხაზგასმულია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობა, ასევე, აღნიშნულია, რომ „ყველა ქვეყანა თანასწორია, განურჩევლად მათი ზომის, სიძლიერის თუ სიმდიდრისა“. მითითებულია საერთაშორისო სამართლის ერთნაირი და ერთიანი გამოყენების აუცილებლობა და ორმაგი სტანდარტების გამოყენების მიუღებლობა;
2. პეკინი “ცივი ომის” მენტალობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია სამხედრო ბლოკების გაძლიერებითა და გაფართოებით. აღინიშნა ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და შეშფოთების სათანადო გათვალისწინების აუცილებლობა;
3. მესამე პუნქტი დასათაურებულია, როგორც – „შეაჩერე საომარი მოქმედებები და შეაჩერე ომი“, სადაც განმარტებულია, რომ „საომარ კონფლიქტებში გამარჯვებულები არ არიან“. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს თავშეკავება, “ცეცხლს ნავთი არ დაამატოს”, არ დაუშვას შემდგომი ესკალაცია ან თუნდაც ის, რომ უკრაინის კრიზისი კონტროლს გასცდეს. ასევე, ნათქვამია, რომ აუცილებელია მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი დიალოგის განახლება;
4. მეოთხე პუნქტი დაეთმო სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ჩინური მხარე აღნიშნავს, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი რეალური გამოსავალია უკრაინის კრიზისიდან. აღინიშნა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის პირობების შექმნისა და პლატფორმის უზრუნველყოფის აუცილებლობა;
5. პეკინი აცხადებს ყველა იმ ზომის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანიტარული კრიზისების შედეგების შერბილებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზების დაუშვებლობას;
6. ჩინეთი მხარს უჭერს მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლას და აღნიშნავს, რომ ყველა მხარემ ამისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნას. ხაზგასმულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვის აუცილებლობა;
7. ჩინეთი ხაზს უსვამს იმას, რომ აუცილებელია ბირთვული ობიექტების, ატომური ელექტროსადგურების შეიარაღებული თავდასხმებისგან დაცვა;
8. დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება;
9. ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვას შეთანხმება შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ.
10. პეკინი არ ეთანხმება ცალმხრივი სანქციების ბოროტად გამოყენებას უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში, ვინაიდან შეზღუდვები არ უწყობს ხელს კრიზისის მოგვარებას, არამედ მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნის;
11. აუცილებელია წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა. ჩინეთი ასევე მოუწოდებს, არ მოხდეს მსოფლიო ეკონომიკური სისტემის პოლიტიზება;
12. დასკვნით პუნქტში ჩინეთმა განაცხადა, რომ მზადაა, დახმარება გაუწიოს და კონსტრუქციული როლი შეასრულოს კონფლიქტის ზონის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.