ომის 365-ე დღე უკრაინაში. ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყების შესახებ აცნობა საზოგადოებას, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა სუვერენული სახელმწიფოს “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას”.
365 დღის წინ კრემლის კულუარებში ამბობდნენ, რომ კიევს სამ დღეში აიღებდნენ და რომ დასავლეთი რუსული სამხედრო მანქანის საფრთხის წინაშე “უკან დაიხევდა”.
თუმცა, როგორც ორიოდე დღის წინ კიევში ჩასულმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, “პუტინი ცდებოდა, როდესაც ასე ფიქრობდა. ის ცდებოდა, მაშინაც როცა ეგონა, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინაშე გაერთიანებას ვერ შეძლებდა”.
რუსულმა აგრესიამ არა თუ დააფრთხო დასავლეთი, არამედ მძლავრი ბიძგი მისცა, რათა შეწინააღმდეგებოდა რუსულ ტერორს
მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო თუ სხვა ტიპის დახმარება; კიევისთვის გადაცემული უახლესი თაობის სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა, ეს არის ის, რაც უკრაინამ მეგობრებისა და მოკავშირეებისგან მიიღო. და ეს ყველაფერი არ არის. უკანასკნელი შეთანხმებების თანახმად, კიევს, სულ მალე, დასავლური მძლავრი ტანკები ექნება, მიდის საუბარი მოიერიშე თვითმფრინავების და შორი რადიუსის მოქმედების იარაღის მიწოდებაზეც.
ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ გახდება ცნობილი. ამ დრომდე დაწესებულმა სანქციებმა აზარალა რუსეთის როგორც საბანკო, ისე – სამხედრო სფერო, კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები თუ ომთან კავშირში მყოფი ფიზიკური პირები.
ევროპამ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება თითქმის მთლიანად შეძლო.
დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანმა ომმა ბიზნესიც გააერთიანა. ომის დაწყებიდან პირველ თვეებში რუსეთი ტანსაცმლის, კვების თუ სხვა მომსახურების ცნობილმა ბრენდმა დატოვა.
ამ წლის განმავლობაში დასავლეთში ესმოდათ, რომ უკრაინასთან გვერდში დგომა, მისი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა არა მარტო კიევის გადარჩენას ნიშნავდა, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს, და როგორც ევროპელი ლიდერები აღნიშნავდნენ, უკრაინა თავისუფლებისთვის საფასურს სიცოცხლეებით იხდიდა.
გაეროს უკანასკნელი მონაცემით, რუსულ ტერორს, სულ მცირე, 487 ბავშვი შეეწირა, 954 კი დაშავდა. ორგანიზაციამ ამ დროისთვის 8 ათასზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის დადასტურება შეძლო, ასევე, 13 ათასზე მეტი დაშავებულის აღრიცხვა მოახერხა. თუმცა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში ამბობენ, რომ რიცხვი შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს, რადგან შეუძლებელია ინფორმაციის მოპოვება იმ ტერიტორიებიდან, სადაც საბრძოლო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს.
გაეროს მონაცემით, უკრაინელების 17 600 000, ანუ მთლიანი მოსახლეობის თითქმის 40% ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
ომის 10 თვის თავზე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 55 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაულის ფაქტი დააფიქსირა, მათი უმეტესობა – “ომის წარმოების წესის დარღვევის” მუხლს ექვემდებარება, რაც მოიცავს – წამებას, გაუპატიურებას, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას. 2022 წლის სექტემბერში გაეროს დამოუკიდებელი კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურებული მშვიდობიანი მოსახლეობის ასაკი 4 წლიდან – 82 წლამდე მერყეობს.
ამასთან, უკრაინისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა თქვა, ქვეყნისთვის მიყენებულმა პირდაპირმა ზარალმა – 700 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. გარდა ამისა, ომის გამო მოხდა მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი შემცირება. მთავრობის მონაცემებით, უკრაინის ეკონომიკა 32%-ით შემცირდა. მოხდა ინფლაციის მკვეთრი ზრდა, რომელმაც 2022 წლის ბოლოს 26%-ს გადააჭარბა.
ოკუპანტის სრულმასშტაბინი შეჭრიდან ერთი წლის თავზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების და რიგითი მოქალაქეების 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა დაასახელა. მათ შორის არის: თებერვალ-აპრილში კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის წარმატებული დაცვა; მოსკოვის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელების მასობრივი წინააღმდეგობა; მარტ-აპრილში კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან ოკუპანტების უკან დახევა; აპრილში კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვა; ივნისში “ზმეინის კუნძულის” გათავისუფლება; ივნის-აგვისტოში რუსეთის ჯარების მიწოდების სისტემის პარალიზება სამხრეთსა და აღმოსავლეთში; სექტემბერ-ოქტომბერში ხარკოვის რეგიონის ნაწილობრივი გათავისუფლება; სექტემბერ-ოქტომბერში ოკუპირებული ხერსონის განთავისუფლება; ოქტომბერ – 2023 წლის თებერვალში დასახლებებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წარმატებული დაცვა საჰაერო თავდაცვის სისტემებით; დეკემბერ- 2023 წლის თებერვალში რუსეთის შეტევის შეკავება აღმოსავლეთ უკრაინაში.
უამრავი ნგრევის, მსხვერპლის, ტანჯვის, ძალადობის, სისასტიკის მიუხედავად, “უკრაინა დგას, კიევი დგას, უკრაინელები დგანან”, და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ლიდერი ჯიუტად იმეორებს “სპეცოპერაციის” თავდაპირველ მიზნებს, კრემლში ესმით, რომ უკრაინის პირობებზე საომარი მოქმედების შეჩერება მათ განადგურებას უტოლდება.
როგორც 21 თებერვალს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, “ომის შეჩერება რუსეთის დაშლას და შუაზე გახლეჩას გამოიწვევს”.
ომი გრძელდება და დღეს უკრაინა იმაზე ძლიერია, ვიდრე ამ დღეს ერთი წლის წინ იყო. მას დასავლელი ლიდერების აბსოლუტური მხარდაჭერა და პატივისცემა აქვს, მას ევროკავშირსა და ნატოშიც ელოდებიან, თუმცა, როგორც იენს სტოლტენბერგმა თქვა, “დღეს ყურადღება ომზეა გამახვილებული”.
ავტორი: მონიკა დავლიანიძე