დღეს გიორგი (გოგი) გეგეჭკორის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა

დღეს, გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი (გოგი) გეგეჭკორის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„გიორგი გეგეჭკორმა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, 120-მდე როლი შექმნა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე. მათ შორის: დონ სეზარი („დონ სეზარ დე ბაზანი“), ჰამლეტი („ჰამლეტი“), ქათამაძე („ამბავი სიყვარულისა“), ბლაგოი („ფილოსოფიის დოქტორი“), მგელი („ჭინჭრაქა“), ნათან ბრძენი („ნათან ბრძენი“), პლატონი („სამანიშვილის დედინაცვალი“), ტიგრან გულოიანი („საბრალდებო დასკვნა“), კუდიანი („მაკბეტი“) და სხვა. მისი კინოდებიუტი კი 1954 წელს ფილმში „ჭრიჭინა” შედგა, რომელშიც მსახიობმა ლევანის როლი ითამაშა. გიორგი გეგეჭკორი გადაღებულია 30-ზე მეტ ფილმში. მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „წარსული ზაფხული”, „აბეზარა”, „არდადეგები“, „დათა თუთაშხია”, „კაცია-ადამიანი?!”, „ნატვრის ხე“, „ბროწეულის ფერი“, „ქალის ტვირთი”, „სამკაული სატრფოსათვის”, „ჩემი მეგობარი ნოდარი” და სხვა. უკანასკნელი როლი კი 2003 წელს შეასრულა ფილმში „ექვსი და შვიდი”.
მსახიობს, შემოქმედებითი კარიერის დასაწყისშივე, განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სპექტაკლში „ბედი მგოსნისა” განსახიერებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილის როლმა. წარმოდგენა 300-ჯერ გათამაშდა სცენაზე და მუდამ ანშლაგით მიმდინარეობდა. ასევე ქართულ თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სცენური გმირია გ. გეგეჭკორის მიერ მაღალი პროფესიული ოსტატობით შექმნილი პლატონის სახე რუსთაველის თეატრის სახელგანთქმულ სპექტაკლში „სამანიშვილის დედინაცვალი“.
გოგი გეგეჭკორი გახლდათ საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს გიორგი გეგეჭკორის ხსოვნასა და მის წვლილს ქართული თეატრისა და კინოს წინაშე.
სამინისტრო დიდი არტისტის საიუბილეო თარიღს წლის მანძილზე რამდენიმე პროექტით აღნიშნავს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები