“ბელარუსს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობის დათმობა აფხაზეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ” – ბჟანიას ე.წ. მრჩეველი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ გვინჯია ამბობს, რომ ბელარუსის ლიდერს არ სურს, თბილისთან ურთიერთობა გაიფუჭოს და, სანაცვლოდ, ე.წ. რესპუბლიკა შერჩეს.

ამის შესახებ მან ადგილობრივ რადიოსადგურთან საუბარში თქვა.

გადაცემაში გვინჯია ბელარუსთან ეკონომიკური კავშირების შესაძლებლობაზე საუბრობდა, ტურიზმის განვითარებაზე, საქონლის გაცვლაზე და თქვა, რომ მინსკთან აქტიური კონტაქტები ოკუპირებული ტერიტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ კონტექსტში წამყვანმა თქვა, რომ ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ საქართველოზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ თბილისთან ურთიერთობებით არის დაინტერესებული, რაზეც გვინჯიამ აღნიშნა, რომ “ეს გასაგებია და სოხუმისთვის ამაში საგანგაშო არაფერია”.

“ბელარუსის პოლიტიკა აქტიურ ნეიტრალიტეტზეა აგებული და ჩვენ ამას მრავალი წელია, ვხედავთ. ბელარუსი ცდილობს, ყველასთან შეინარჩუნოს ურთიერთობა – მეზობლებთან, პარტნიორებთან. სამწუხაროდ, ბოლო დროს, ობიექტური მიზეზებით, მას არ გამოსდის ურთიერთობა დასავლელ მეზობლებთან. მაგრამ ბელარუსს არ სურს საქართველოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმა და სურს, მასთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა შეინარჩუნოს, ეს გასაგებია. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებაც ამაზე მიანიშნებს, ის მიდის შერიგების გზით, ცდილობს ბალანსირებას. მათ არ სურთ საქართველოსთან ურთიერთობის დათმობა, ჩვენთან ურთიერთობისთვის. აქ არაფერია გაუგებარი და საშიში. რატომაც არა. ლუკაშენკოს სიტყვებშიც არაფერი ყოფილა შეურაცხმყოფელი ჩვენთვის. პერსპექტივაში ხომ ჩვენც ყველა ვემხრობით მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენთვისაც გაუგებარია, რატომ რეაგირებს საქართველო ასე მწვავედ იმაზე, რომ ჩვენ ვაგვარებთ ურთიერთობებს ბელარუსთან. ჩვენ ხომ არ ვმეგობრობთ ვინმეს წინააღმდეგ, და პრეზიდენტმა ლუკაშენკომაც ეს თქვა”, – ამბობს გვინჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები