კულტურის სამინისტრომ, სამოყვარულო მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სამოყვარულო მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონკურსის მიზანია საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრალური დასების პოპულარიზაციის, მდგრადობისა და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, სათეატრო პროცესში სამოყვარულო დასების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა.
„2022 წელს ამავე სახელწოდებით გამოცხადებული კონკურსის ბიუჯეტი იყო 70 000 ლარი. კონკურსის მონაწილე 23 პროექტიდან დაფინანსდა სამი პროექტი, კერძოდ, „პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა“ – დაფინანსდა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრისთვის განათებისა და გახმოვანების აპარატურის შეძენა. განმახორციელებელი ა(ა)იპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი; „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის მხარდაჭერის პროექტი“ – დაფინანსდა ბოლნისის თეატრისთვის განათების აპარატურის შეძენა. განმახორციელებელი ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი;
„სასცენო განათება და ეფექტები ტყიბულის თეატრს“ – დაფინანსდა ტყიბულის თეატრისთვის სასცენო განათების შეძენა. განმახორციელებელი ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება“.
კონკურსის პირობების თანახმად, მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება, წარმოადგინონ: ა) მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში მოქმედი კულტურის სახლის თეატრალური დასი; ბ) სამოყვარულო თეატრალური დასი.
თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც გამოირჩევა სტაბილური და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის ორი მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. მსურველებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ სამინისტროს „ცხელი ხაზით“, ტელ.: NN 032 2 022229 ან 599 143 248, სამუშაო საათებში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კონკურსის დამთავრების შემდეგ საკონკურსო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია კონკურსანტს უკან არ დაუბრუნდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
კონკურსის პირობები – https://cutt.ly/A371SlZ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები