წარმატებული პიროვნების ფსიქოლოგიური ნიშან-თვისებები: არსებობს თუ არა წარმატების ფორმულა?

რა თქმა უნდა, წარმატება განპირობებულია არა მარტო გარკვეული ფსიქოლოგიური ნიშან-თვისებებით, არამედ მთელი რიგი ისეთი ფაქტორით, როგორიცაა პროფესიონალიზმი, კონკრეტული ცოდნა და უნარები, ეკონომიკური სიტუაცია, აღზრდა, ბედის წყალობა და ა. შ. მაგრამ სწორედ ფსიქოლოგიური განწყობა და მომზადება მნიშვნელოვანწილად ზრდის წარმატების მიღწევის შანსს. ფსიქოლოგიურად წარმატება გულისხმობს დადებითი შედეგისაკენ სწრაფვას, ჩანაფიქრის კარგად დასრულებას. რა ეხმარება და უშლის ხელს ადამიანს წარმატების მიღწევაში: არსებობს თუ არა წარმატების ფსიქოლოგიური „გასაღები” ან ფსიქოლოგიური ბარიერები წარმატების გზაზე?
წარმატების პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის შესწავლის საგანია, ის აისახება ეკონომიკურ, სოციოლოგიურ ნაშრომებში, ჟურნალისტურ პუბლიკაციებში. ფსიქოლოგიაში წარმატების პრობლემის შესწავლის ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. კვლევის შედეგად მიღებულ იქნა მრავალრიცხოვანი მონაცემები, რომლებიც ადასტურებს სხვადასხვა სოციალურ-ფსიქოლოგიური თუ პიროვნული ფაქტორის გავლენის წარმატების მიღწევაზე საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში.
წარმატების ხელშემწყობი პიროვნული ნიშან-თვისებები
რა ეხმარება და რა უშლის ხელს ადამიანს წარმატების მიღწევაში: არსებობს თუ არა წარმატების ფსიქოლოგიური „გასაღები” ან ფსიქოლოგიური ბარიერები წარმატების მიღწევის გზაზე?
როგორც უკვე ითქვა, ფსიქოლოგიის პასუხი არ კითხვაზე დადებითია. მაღალი შედეგების, ანუ წარმატების, მიღწევას ხელს უწყობს ისეთი პიროვნული ნიშან-თვისებები, როგორიცაა საკუთარი საქმის მნიშვნელობის რწმენა, საკუთარი მისიის გაცნობიერება, მაღალი შრომისუნარიანობა, ენთუზიაზმი, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებულობა, ოპტიმიზმი, განვითარებისა და თვითსრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვა, შინაგანი თავისუფლება, მოტივაცია. სწორედ მიღწევის მაღალი მოტივაცია, წარმატებისაკენ სწრაფვა განაპირობებს წარმატებული ადამიანის საქმიანობის რეალურ შედეგებს.
წარმატებას ხელს უწყობს შემდეგი პიროვნული თავისებურებები:
• საკუთარი პიროვნების შეუპოვარი განმტკიცება. ეს ფსიქოლოგიური თავისებურება, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ვლინდება, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს გამოვლინდეს „ხუთოსნობაში”. ეს უფრო გამოიხატება საკუთარი მიზნისაკენ სწრაფვაში; ასეთი ადამიანი (ბავშვი) არ იყრის ფარხმალს სიძნელეების წინაშე, არ ცდილობს გარშემომყოფთა „ფეხის შეწყობას”.
• კონტაქტის უნარი ადამიანებთან. ეს თავისებურება ეფუძნება თანამშრომელთა და მეტოქეთა ფსიქოლოგიური თავისებურებების გაგების უნარსა და მის სათანადო გამოყენებას.
• ფიზიკური ამტანობა. ფსიქიკური ჰარმონია უზრუნველყოფს კარგ ჯანმრთელობას, რომელიც აგრეთვე არის წარმატების მნიშვნელოვანი ელემენტი.
• მოვლენათა განვითარების ზუსტად განჭვრეტის უნარი.
• განსაკუთრებული მოქნილობა. წარმატებისათვის დაბადებული ადამიანი აცნობიერებს, თუ როდის უნდა აღიაროს წაგება ან გონივრულ კომპრომისზე წავიდეს. საჭიროებისამებრ ის შეიძლება შეუპოვარიც იყოს, მაგრამ მისთვის უკან დახევა არ არის ტრაგედია, ვინაიდან წარმატებაში დარწმუნებულია.
• სხვების დარწმუნების უნარი.
• შემოქმედებითი აქტიურობა. ესაა წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სფეროში.
შემოქმედებითი აქტიურობის განმსაზღვრელ ცალკეულ ნიშან-თვისებებს შორის შეიძლება შემდეგის გამოყოფა: სიახლისაკენ სწრაფვა; კრიტიკული აზროვნება; გარდაქმნის უნარი.
სიახლისაკენ სწრაფვა ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: ფანტაზიის უნარი; შე¬მოქ¬მედებითი წარმოსახვა; ახალი ხატების (არარეალისტური, ფანტასტიკური, არა-სტან¬დარტულის ჩათვლით) შექმნის უნარი; შემოქმედებითი დავალების ელე¬მენ-ტებს შო¬რის ახალი კავშირების აღმოჩენის უნარი – მსგავსების, კონტრასტის მიხედვით და ა.შ.
კრიტიკული აზროვნება ვლინდება შემდეგი მაჩვენებლების სახით: დამოუკიდებლად აზ¬როვნების უნარი; ობიექტური კრიტერიუმების გამოყენების უნარი; საკუთარი შეცდომებისა და წარუმატებლობის მიზეზების გაცნობიერების უნარი; საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობის ადეკვატური შეფასება; საკუთარი შეფასებითი მსჯელობის ნათლად ჩამოყალიბების უნარი.
გარდაქმნის უნარი ხასიათდება ანალიზის, შედარების, მთავარისა და მეორეხარისხოვანის გამოყოფის უნარით; აღწერისა და განსაზღვრების (დეფინიციის) ჩამოყალიბების, ახსნის, დასაბუთების, უნარით; სისტემატიზაციისა და კლასიფიკაციის უნარით; იდეების გენერირების, ჰიპოთეზების ჩამოყალიბების, წინააღმდეგობრივობის დანახვის უნარით; ცოდნისა და უნარების გამოყენების უნარით.
შემოქმედებისაკენ მისწრაფება მოიცავს შემდეგ ძირითად მაჩვენებლებს: პროფესიული შემოქმედებისადმი ინტერესი; ლიდერობისა და გარშემომყოფთა მაღალი შეფასების მიღებისაკენ სწრაფვა; მოვალეობის გრძნობა.
ბარიერები წარმატების მიღწევის გზაზე
წარმატების მიღწევის ხელშემშლელ ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებათა ნუსხა ძალიან ფართოა, ამიტომ გამოვყოთ მხოლოდ ძირითადი:
• ახალი ან უცნობი სიტუაციის (ახალი თანამშრომლების, ახალი ხელმძღვანელის, რევიზორისა და ა.შ.) შიში, რისკის გაწევის შიში. ადამიანი ირჩევს უსაფრთხოებას და კომფორტს და არა რისკსა და სიახლეს;
• მოწყლადობის შიში. ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს ისეთ სიტუაციას, რომელმაც შეიძლება მოუტანოს ტკივილი ან შეაშინოს.
• თავის თავში დაურწმუნებლობა. სიახლისაკენ სწრაფვის არქონა ხშირად განპირობებულია შეცდომის, მარცხის შიშით, აგრეთვე იმით, რომ ადამიანს არ სჯერა, რომ მას შეუძლია რაიმე ახლის შექმნა.
• არასაკმარისი უნარ-ჩვევები, სუსტი პოტენციალი, არასაკმარისი მხარდაჭერა, საჭირო უნარ-ჩვევების არქონა. ზოგჯერ ადამიანს აკლია ახალი იდეები ან ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა საკუთარი თავის შესაცვლელად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ადამიანს, რომელიც დიდხანს ერთსა და იმავე პირობებში მუშაობს.
• მხარდაჭერის არქონა ხელმძღვანელის მხრიდან.
წარმატებულ ბიზნესმენთა პიროვნული თავისებურები
აღსანიშნავია, პირველ რიგში, ის, რომ აქ ლაპარაკია ისეთ პირებზე, რომლებმაც წარმატებას, სიმდიდრესა და გავლენას დამოუკიდებლად მიაღწიოს.
1. სურვილების მასშტაბურობა, დიდი მიზნით შეპყრობილება. ბიზნესის ლიდერს არ ეშინია ძნელად განსახორციელებელი, თითქოსდა მიუღწეველი მიზნის დასახვა. მისი მასშტაბური სურვილები და მკაფიო მიზნები ეფუძნება წარმატებაში დარწმუნებულობას.
2. მძლავრი შინაგანი იმპულსი. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს საკუთარი პრინციპებითა და მოტივებით; მისი ცხოვრების მოდელი ასეთია: „მოინდომე – გააკეთე”.
3. „გაუმართლებელი ოპტიმიზმი”. საკუთარი შანსების შეფასება უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ადამიანებისა; ის დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და მიაჩნია, რომ უმრავლესობაზე მეტი შეუძლია. დამახასიათებელია წარუმატებლობის, მარცხის, თუმც საკმაოდ მნიშვნელოვანის, მიმართ მაღალი მდგრადობა. პირიქით, მარცხი მას მხოლოდ მაქსიმალური მობილიზაციისაკენ უბიძგებს. ის დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის მიღწევა და სამყარო, ძირითადად, მართვადია.
4. გახსნილობა რეალური ფაქტების მიმართ, გამარჯვებაში დარწმუნებულობასთან შეხამებით.სიძნელე მასში მხოლოდ აზარტს იწვევს, ბრძოლის შედეგად ის კიდევ უფრო გამობრძმედილი ხდება.
5. დროში კომპეტენტურობა. ის ცხოვრობს აწმყოთი და არა მომავლით ან წარსულით; რეალისტურად აფასებს პერსპექტივებს, ძალუძს მიმდინარე ამოცანების დაკავშირება სტრატეგიულ ამოცანებთან, ადვილად ოპერირებს დროით – როგორც წარსულით, ისე მომავლით. საკუთარ შეცდომებზე ამბობს: „სამაგიორედ გამოცდილება შევიძინე” და იყენებს მარცხს, როგორც ტრამპლინს სამომავლო მიღწევისათვის.
6. სამყაროს შავ-თეთრი აღქმა, ანუ მიზანდასახულობა, უნარი ყველაფერი დაუქვემდებარო მიზნის მიღწევას, გამიჯნო ყველა სიტუაცია პრინციპით „საჭიროა-არ არის საჭირო”. ეს ამარტივებს სამყაროს აღქმას, ის თითქოსდა შავ-თეთრი ხდება (ან მიზნის მიღწევის საშუალება, ან დაბრკოლება).
7. ქარიზმა, ძლიერი ენერგეტიკა, ლიდერობა, ანუ ადამიანების მოხიბლის უნარი. ქარიზმატულ ადამიანს განსაკუთრებული ძალა აქვს, ის ზემოქმედებს გარშემომყოფთა აზრებსა და მოქმედებაზე.
8. რისკის, ცვლილებებისაკენ მიდრეკილება. ყოველდღიურად მას შეუძლია სარისკო, საფრთხის შემცველი, ავანტიურული გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი შიშის გარეშე; პირიქით, მას სიამოვნებს პასუხისმგებლობის აღება საქმესა და სხვა ადამიანებზე. შექმნა, შენება, განვითარება – ასეთია მისი საქმიანი ცხოვრების საკვანძო სიტყვები.
9. პასუხისმგებლობა და მორალური საზღვრები. გამბედაობა ბიზნესში გულისხმობს რისკისა და პასუხისმგებლობის შეხამებას; ვინაიდან ბევრი გადაწყვეტილების ფასი ძალიან მაღალია, ბიზნესმენისათვის დამახასიათებელია მაღალი პასუხის¬მგებლობის გრძნობა საკუთარ სიტყვებზე, საქმეზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მას ენდობიან. მას აქვს საკუთარი წესების სისტემა, გარკვეული ეთიკური პრინციპები, შიდა ნორმები, მორალური საზღვრები, რომელთა მიღმა გასვლა დაუშვებელია. ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი რეპუტაციისათვის.
10. ნათელი აზროვნება და გადაწყვეტილებათა უალტერნატიულობა, ანუ უნარი აღიქვა ინფორმაციის მაქსიმუმი და მრავალი ვარიანტი „შესასვლელზე”. მანამდე, სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ის გახსნილია მსჯელობისათვის, განხილვის, დიალოგისათვის, გულახდილია და ყურადღებიანი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეს გადაწყვეტილება აღარ განიხილება; ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ მის რეალიზაციაზე, დასმული მიზნის მიღწევაზე.
11. რაციონალური დამოკიდებულება ფულის მიმართ, ანუ ფულმა მუდმივად უნდა „იმუშაოს” მკაფიო სტრატეგიული ორიენტირების შესაბამისად, ამიტომ ბიზნესმენმა ყოველთვის კარგად იცის, თუ სად დააბანდებს ფულს – წარმოებაში, განვითარებაში, როგორ განაგებს მოგებას. ფული მისთვის უფრო საშუალებაა, ვიდრე მიზანი. ფული იძლევა ახალი, კიდევ უფრო მასშტაბური, ამოცანების დასმის, განვითარების ახალ დონეზე გასვლის, გავლენისა და საქმიანი ინტერესების სფეროს გაფართოების საშუალებას.
12. დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ – ბიზნესი არის თვითრეალიზების საშუალება, ანუ საკუთარი თავის გამოჩენის საშუალება რაიმე ახალსა და მნიშვნელოვანში.
13. დემოკრატიულობა და თავმდაბლობა, ანუ რეალობის გრძნობა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი საკუთარი პერსონის გარშემო ზედმეტი აურზაურის გარეშე. ადამიანებთან ურთიერთობაში ის გახსნილია და დემოკრატიული.
14. უნიკალურობა. ეს ნიშნავს, რომ მის გარემოცვაში არ მოიძებნება მსგავსი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები. ის დამოუკიდებელია, აქვს არატრადიციული შეხედულებები, ჩვევები, ხშირად აღიქმება სხვა ადამიანების მიერ, როგორც ექსცენტრული ადამიანი. საჭიროებისამებრ აძლევს თავს უფლებას იყოს ჯიუტი, ცივი, ულმობელი. მთლიანად კონცენტრირებულია საკუთარ თავსა და საკუთარ გეგმებზე.
15. ეგზისტენციალური შფოთვა, ანუ მუდმივი მისწრაფება უფრო დიდისაკენ; მას თითქოსდა ერთგვარი „ფსიქოლოგიური მუდმივი ძრავა” აქვს: ერთი მიზნის მიღწევის კვალობაზე მეორე მიზანს ისახავს.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულ ადამიანს ახასიათებს: ცხოვრებისა და მუშაობის ცვალებადი პირობებთან შეგუების უნარი, მდგრადობა უსიამოვნო სიტუაციისა და სტრესის მიმართ, ემპათია, ეფექტურობა, პატივმოყვარეობა, უფრო მაღალი სტატუსისაკენ სწრაფა, ცხოვრების დონის ამაღლების სურვილი, ახალი გამოცდის მიმრათ ინტერესი, პასუხისმგებლობა გარშემომყოფთა წინაშე.
***
რა თქმა უნდა, წარმატება განპირობებულია არა მარტო ადამიანის გარკვეული ფსიქოლოგიური ნიშან-თვისებებით, არამედ მთელი რიგი ისეთი ფაქტორით, როგორიცაა პროფესიონალიზმი, კონკრეტული ცოდნა, ნიჭი, უნარები, ეკონომიკური სიტუაცია, აღზრდა, ბედის წყალობა და ა. შ. მაგრამ სწორედ ფსიქოლოგიური განწყობა და მომზადება მნიშვნელოვანწილად ზრდის წარმატების მიღწევის შანსს. ფსიქოლოგიურად წარმატება გულისხმობს დადებითი შედეგისაკენ სწრაფვას, ჩანაფიქრის კარგად დასრულებას. ამისათვის კი საჭიროა ძლიერი მხარეების განვითარება და სუსტის კორექცია.
ვინაიდან წარმატებისაკენ ბევრი ადამიანი მიისწრაფის, ბუნებრივია სურვილი „წარ-მა¬ტე¬ბის ფორმულის” აგებისა, რომელიც დაეხმარება ყველას წარუმატებლობის დაძლევასა და ახალი დონის მიღწევაში. მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ ჰ. მაკეის მიერ შეთავაზბული ეგრეთ წოდებული „მაგიური წარმატების ფორმულა”.
არაორდინალურ, ძალიან წარმატებულ ბიზნესმენთა ცხოვრებისა და საქმიანობის ანალიზის გზით ჰ. მაკეიმ გამოყო წარმატების უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია, რომელთა წყალობითაც თითოეული ჩვენთაგანი უნიკალური პიროვნებაა, მაინც შეიძლება წარმატებული ადამიანის იმ ზოგადი დამახასიათებელი თავისებურებების გამოყოფა, რომლებმაც შეუწყო ხელი წარმატების მიღწევას. ამ თავისებურებათა საფუძველზე ჰ. მაკეიმ ააგო „წარმატების ფორმულა”. კერძოდ, ესაა ჯამი შემდეგი კომპონენტებისა: შეუპოვრობა, მიზნის დასახვა, ძალების შემოკრების, მობილიზაციის. თუ ამ ფორმულას დავუმატებთ საკუთარ თავში დარწმუნებულობას, წარმატება გარდაუვალია.
დაბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ბევრის გაკეთება ძალუძს საკუთარი უნარების, ხასიათის, საქმიანი აქტივობის, მიზანდასახულობის განსავითარებლად. შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ჩამოთვლილი თავისებურების განვითარება.
წარმატების ფორმულა:
წარმატება = შეუპოვრობა + მიზნის დასახვა + საკუთარ თავში დარწმუნებულობა +
+ ძალების შემოკრების უნარი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები