კულტურის სამინისტრომ, თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
თეა წულუკიანის თქმით, 2021 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 80 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროს მიმართა 28 განმცხადებელმა. დაფინანსდა ცხრა პროექტი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა და გახდა 100 000 ლარი. 17 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა ცხრა პროექტი.
კონკურსისთვის 2023 წელსაც 100 000 ლარია გამოყოფილი.
„კონკურსის მიზანია თვითმოქმედი ფოლკლორული (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ანსამბლების შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა, მათი პოპულარიზაცია და ანსამბლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. თითოეულ კონკურსანტს საკონკურსოდ შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის ორი მარტის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4) ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. მსურველებს შეუძლიათ კონსულტაციებისთვის დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს, ტელ.: NN 032 2 022229, 577 27 00 60 სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/P370drt

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები