დავით მათიკაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეული ლიდერია, ყველას ახსოვს, პრემიერის წარმატებული მცდელობით როგორ მოხდა ტყვეების გაცვლა კონფლიქტურ მხარეებს შორის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეული ლიდერია.
მათიკაშვილის თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მშვიდობამ და მშვიდობის შენარჩუნებამ შედეგად მოიტანა ის, რომ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლება გადაიბარა საკმაოდ რთულ ვითარებაში. საზოგადოებას ეს ახსოვს, როდესაც იყო მცდელობა ქვეყანაში კონსტიტუციის და კანონის ფარგლებიდან გასულიყვნენ მთელი რიგი ელემენტები, რადიკალური ჯგუფი და ძალები.
მან აღკვეთა ყოველგვარი უკანონობა და ქვეყანა დააბრუნა კონსტიტუციის ფარგლებში. გამორჩეული ლიდერია, უაღრესად შეყვარებული პიროვნება ქვეყანაზე, რომელმაც ჩამოაყალიბა და შექმნა გუნდი, რომლის საქმიანობის პრიორიტეტს სწორედ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოადგენს.
საგარეო პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, ჩვენი ეროვნული ინტერესის განხორციელება გახლავთ ამოსავალი წერტილი და ასეც უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყნის ხელისუფალისთვის. ჩვენი პრემიერი სწორედ ეროვნული ინტერესების განხორციელებისთვის იბრძვის და მოღვაწეობს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ევროპული განვითარების საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობამ, მშვიდობის შენარჩუნებამ შედეგად მოიტანა ის, რომ ქვეყანას გააჩნია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ის წარმატებით ახორციელებს ურთიერთობას როგორც დასავლეთის ქვეყნებთან, ასევე, სხვებთანაც.
საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, ოკუპანტის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის მიწაზე და უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამ კუთხით პრემიერის საქმიანობას ძალიან მაღალი შეფასება აქვს, გამოსაყოფია ქვეყნის როლის ზრდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებით.
აზერბაიჯანს და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტური ვითარების დროს, შუამავლის როლი, რომელიც სწორედ პრემიერის გადაწყვეტილებით და საქმიანობით მაღალ თამასაზეა აყვანილი და შეერთებული შტატების დეპარტამენტშიც აღინიშნა, სულ ცოტა ხნის წინ შესაბამის კონფერენციაზე საზოგადოებამ დაინახა თუ როგორ წარმატებით შეუძლია საქართველოს მედიატორის როლი შეასრულოს ამ კონტექსტში ჩვენ მეზობელ ქვეყნებს შორის.
საზოგადოებას კარგად ახსოვს პრემიერის წარმატებული მცდელობით როგორ მოხდა ტყვეების გაცვლა კონფლიქტურ მხარეებს შორის და თბილისი ყოველთვის სთავაზობს მოძმე, მეზობელ აზერბაიჯანს და სომეხ ხალხს მოლაპარაკებისთვის შესაბამის რესურსს. პრემიერი, რა თქმა უნდა, მზად არის, რომ დაუთმოს რესურსი და ფართოდ გახსნას მოლაპარაკების კარები და კონფლიქტური სიტუაცია მშვიდობის გზით მოგვარდეს“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.