“საქართველოს მხრიდან მოვლენების დაგმობა მოსაწყენი გახდა და რუტინად იქცა”- არძინბა
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები უკვე მოსაწყენი გახდა და რუტინად იქცა”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ.
21 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკში ასლან ბჟანიას ჩასვლა და ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა დაგმო. განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“.
არძინბას თქმით კი, “აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ მიმართული საქართველოს ხელმძღვანელობის ყველა მცდელობის მიუხედავად, რესპუბლიკა თავდაჯერებულად მიჰყვება საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების გზას”.
მისი თქმით, “ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა ამის ნათელი დადასტურებაა”.
„რაც მალე გააცნობიერებენ საქართველოში, რომ აფხაზეთი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მით მალე იქნება შესაძლებელი არსებული წინააღმდეგობების დაძლევა და ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების პირობების შექმნა“, – ნათქვამია განცხადებაში.