არჩილ თალაკვაძე: ქართული სასამართლოს შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომაც თქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონის და სტანდარტების სრული დაცვით
ქართული სასამართლოს შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომაც თქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონის და სტანდარტების სრული დაცვით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.
„მინდა გამოვეხმაურო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ბატონი გომელაურის უწყების მოქმედებებს ეხებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. იცით, რომ აქციები, რომლებიც სრულიად უკანონოდ მცდელობები ჰქონდა ოპოზიციას, რომ დაებლოკა პარლამენტი, სახელმწიფო ადმინისტრაციის ფუნქციები, კანონთან და ევროპულ სტანდარტებთან საწინააღმდეგოდ. წაიღეს ეს საქმეები სტრასბურგში და დიახ, ქართული სასამართლოს შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომაც თქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონის და სტანდარტების სრული დაცვით. ამის შემდეგ მე თქვენი კომენტარები არ მინახავს, არც ოპოზიციური ტელევიზიების სიუჟეტები აღარ მინახავს ამ თემაზე, იმიტომ, რომ ქართული სასამართლოს შემდეგ უკვე ევროსასამართლომ გაგცათ პასუხი იმ ცილისწამებაზე, რომელსაც საკუთარი პოლიციის მიმართ აწარმოებდით“, – მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ეს არის ხელწერა ბატონი გომელაურის და მის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროსი, თუ როგორ მართავს ის საპოლიციო ოპერაციებს ხალხმრავალი აქციების დროს, თუ რამდენად დამზოგველ რეჟიმში და რამდენად პროპორციულად მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ დროს.
„სწორედ ეს თქვა უკვე ევროსასამართლომ და არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსმა ამ დარბაზში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.