პრემიერ-მინისტრი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, გალუსტ საჰაკიანს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.ხაზგასმით აღინიშნა „მეგობრობის ხიდის“ მნიშვნელობაც, რომელიც საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აშენდება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. საუკუნეების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა რთული გზა გაიარეს და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრები. ჩემი ვიზიტიც ამის დადასტურებაა, რომ მზად ვართ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს ოქტომბერში“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.
ირაკლი ღარიბაშვილისა და გალუსტ საჰაკიანის შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები