GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გამოვლინდნენ.

• ანდროიდ-იუზი – პროექტის მიზანია შეიქმნას ხელმისაწვდომი, კოდირების გარეშე მოსახმარი მობილური ავტომატიზაციის პლატფორმა ანდროიდ მოწყობილობებისთვის. ანდროიდ-იუზი დაეხმარება მომხმარებლებს და კომპანიებს ავტომატურად განახორციელონ მობილურ აპებში განმეორებადი ქმედებები, მინიმალური ტექნიკური ცოდნით.

• MediMeal – პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს, კლინიკაში მიიღონ ექიმებისა და დიეტოლოგების მიერ შერჩეული ჯანსაღი კვება. პლატფორმა ამსუბუქებს ყოველდღიურ ტვირთს და მხარს უჭერს პაციენტის მკურნალობის პროცესს.

• noldo.ai – AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სისტემურად აფიქსირებს და აანალიზებს Reddit-ზე გამოხატულ მომხმარებელთა უკმაყოფილებებს. ის კომპანიებს რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას დაუკმაყოფილებელი ბაზრის მოთხოვნების შესახებ.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

2025 წელს აღნიშნული საგრანტო პროგრამა უკვე განხორციელდა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც გამოვლინდა 14 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელოს რეგიონებში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 7 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები